საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახამად, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობას ასახავს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ძალადობისგან დაცვის კუთხით, მთავარ გამოწვევას, მათზე განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირების საკითხი წარმოადგენს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია: ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების დაცვა, რეაბილიტაციის ღონისძიებების პრაქტიკაში დანერგვა, სოციალური მომსახურების სფეროში მომუშავე პროფესიონალის, ფსიქოლოგების ნაკლებობა. აგრეთვე შესაბამის უწყებებს შორის არასაკმარისი თანამშრომლობა.
„საქართველოში საკანონმდებლო დონეზე კვლავ არ არსებობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცალკე რეგულაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან (მათ შორის ბავშვებთან) მიმართებით და ის ინტეგრირებულია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკასთან, რომელსაც არეგულირებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის ინტერესებისა და სპეციფიური მიდგომის გათვალისწინება არ ხდება არც უწყებების შიდა სახელმძღვანელო ინსტრუქციებსა და მეთოდოლოგიებში“, _ ნათქვამია ანგარიშში.
ამასთანავე, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კვლავ პრობლემურია ოჯახში ძალადობის შემთხვევათა აღრიცხვა და გამოწვევად რჩება მონაცემების შეგროვება.
„არ არსებობს დიფერენცირებული სტატისტიკა შშმ ბავშვთა მიმართ ოჯახში განხორციელებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ თუ სხვა სახის ძალადობასთან დაკავშირებით.
უნდა აღნიშნოს, რომ ოჯახში ძალადობის არსებული მონაცემები ეფუძნება გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობას, რაც ვერ ასახავს პრობლემის რეალურ მასშტაბს. აღნიშნული, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოწვეულია საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობით, შურისძიებისა და სტიგმატიზაციის შიშით, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ნაკლებობით და ასევე ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში არსებული მექანიზმებისა და სერვისების გაუმართაობით. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ის გარემოება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ ჩადენილი ძალადობა ხშირად „უხილავია“ და სათანადო რეაგირების გარეშე რჩება, რასაც, გარკვეულწილად, განაპირობებს საზოგადოებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა დაბალი ცნობიერება, სტერეოტიპული მიდგომა“, _ ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს, რომ კვლავ გამოწვევად რჩება დამცავი ღონისძიებების აღსრულების ეფექტური ზედამხედველობა.
„საჭიროა დაინერგოს მონიტორინგის მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემს შესაბამის სტრუქტურებს მეთვალყურეობა გაუწიონ ოჯახებს, სადაც შშმ ბავშვებზე ალადობის ფაქტი გამოვლინდა და ამასთან, შეიქმნას საინფორმაციო ბაზა, რომელიც შესაძლებელს გახდის ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას.
ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელ, უფლებამოსილ ორგანოებს შორის კვლავ პრობლემას წარმოადგენს კოორდინაცია და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. საქმეთა შესწავლისას ხშირად ვლინდება ხარვეზები, როგორც სამართალდამცავი უწყების, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასებისას. რიგ შემთხვევებში დასახელებული უწყებების მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია წინააღმდეგობრივია. ამასთან, მიუხედავად სოციალური მუშაკის მიერ ძალადობრივი ინციდენტების დადასტურებისა, სამართლ-დამცავებს უჭირთ ძალადობის იდენტიფიცირება და არ ახდენენ შესაბამის რეაგირებას. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებში. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ სამართალდამცავები არ ფლობენ შშმ პირებთან/ბავშვებთან ურთიერთობის სპეციფიკურ უნარ–ჩვევებს.
პრაქტიკულ ასპექტში პრობლემურია შშმ ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების პერსონალის შესაბამისი კვალიფიკაციის საკითხი, ბენეფიციართა რთული ქცევის მართვასთან და სიტუაციის სტაბილიზებასთან მიმართებით“, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.