გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება შპს “ჯორჯიან მანგანეზში”, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვითა და სასამართლოს თანხმობით შეეყვანა სპეციალური მმართველი.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა მიმდინარე თვეს განხორციელებული დათვალიერების შედეგად.
“გაირკვა, რომ მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით არათუ გამოასწორა კომპანიამ, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის.
შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი შუამდგომლობა, სამართლიანად დაკმაყოფილებულ იქნა სასამართლოს მიერ და კომპანიაში შეყვანილ იქნა სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე.
ამასთან, მისასალმებელია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიას არ შეუჩერა საქმიანობის ნებართვა და ლიცენზია, რაც თავისთავად აარიდებს ქვეყანას საწარმოო პროცესის შეჩერებას.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, არ ემუქრება დათხოვნა მომუშავე პერსონალს და ეტაპობრივად, კომპანიის სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნება გეგმა-გრაფიკი სიტუაციის გამოსწორებისათვის.
სპეციალურ მმართველად, წარდგენილ და დანიშნულ იქნა ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელსაც გააჩნია დიდი გამოცდილება ს.ს ,,ფეროშენადნობთა ქარხანა“ მუშაობისა, იგი კარგად იცნობს ასევე შ.პ.ს “ჯორჯიან მანგანეზი”-ში არსებულ პრობლემებს და ვფიქრობთ, იგი დროულად შეძლებს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივ გამოსწორებას ჭიათურასა და ზესტაფონში.
დღეს, როდესაც საქართველოს აქვს პრეტენზია იყოს ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი და დაიცვას ადამიანი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისგან, ყველა კომპანიამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ საქმიანობისას, გარდა კომერციული მოგებისა, სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხები უნდა მოაწესრიგონ”, _ აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.