ფსიქიატრთა საზოგადოების აზრით, ბოლო დროს ფსიქიკურ ჯანდაცვაში მიმდინარე მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ პროფესიული თემი არ არის ინფორმირებული დარგში მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება გაუმჭვირვალედ, კულუარულად და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციისა (დოკუმენტის N 1741-Iს) და ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული გეგმის (მთავრობის დადგენილება #762) საპირისპიროდ. აღნიშნული არაკოორდინირებული და ფრაგმენტული ინიციატივები საფრთხეს უქმნიან ქვეყანაში ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და აღრმავებენ დარგში არსებულ კრიზისს როგორც ფინანსური, ასევე პაციენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის კუთხით, _ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც ფსიქიატრთა საზოგადოებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს გაუგზა.
“გურია ნიუსი” გთავაზობთ ფსიქიატრთა საზოგადოების მიმართვას:
“დაუყოვნებლად აღდგეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან არსებული დარგობრივი საბჭოების მუშაობა, რათა პროფესიული თემი ჩართული იყო დარგში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით და ნებისმიერი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება ემსახურებოდეს ფსიქიატრიული დახმარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ფსიქიატრიული პაციენტისათვის ღირსეულ პირობებში ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებას;
უმოკლეს ვადაში დაიწყოს მსჯელობა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბერის #638 დადგენილებით (პროგრამული კოდი 35 03 03 01) განსაზღვრული დაფინანსების მეთოლოგიის გადახედვაზე;
დაიწყოს მოლაპარაკება მულტიპროფილურ კლინიკებში მოზრდილთა ფსიქიატრიული განყოფილებების აღდგენაზე ან ახალის გახსნაზე;
გაიზარდოს ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილების დაფინანსება;
მოგვეწოდოს ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება ფსიქიატრიული დაწესებულებების პრივატიზაციის შესახებ და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ პროცესმა ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის განვითარებას;
მოგვეწოდოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს ემსახურება ბედიანისა და სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოების, აგრეთვე ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრების გაერთიანება და რა დადებითი მხარეები აქვს ამ პროცესს;
მოგვეწოდოს ახალი მეთოდოლოგიით დაფინანსების (2016 წლის 30 დეკემბერის №638) პირობებში შესრულებული სამუშაოს ანგარიში;
უმოკლეს ვადაში გატარდეს ქმედითი ღონისძიებები არანებაყოფილებით და/ან იძულებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მკურნალობის, დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რათა აღმოიფხვრას ფსიქიატრიის დარგთან შემხებლობაში მყოფ კანონმდებლობებს შორის დღეისათვის არსებული ხარვეზები.
გადაუდებლად დაიწყოს განხილვა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა და დაფინანსების საკითხებზე.
მიგვაჩნია, რომ სამომავლოდ უმნიშვნელოვანესია დაიწყოს მსჯელობა შემდეგ საკითხებზე:
ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსების გაზრდა;
ამბულატორიულ და სათემო სერვისებზე დაფინანსების წილის გაზრდა ფსიქიატრიის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტში;
ფსიქიატრიული სერვისების ხარისხის სტანდარტების შემუშავება;
ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა ფსიქიატრიული სერვისების დაფინანსებაში;
სტრატეგიული გეგმის შესრულების მონიტორინგი და ყოველწლიური ანგარიში”, _ აღნიშნულია მიმართვაში.