„ქართული ოცნების“ ჩოხატაურის ოფისში ამ დრომდე ვერ მოხერხდა პარტიულ სიაზე შეჯერება. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, იმ შემთხვევაში, თუკი პარტიული ათეული არ შეიცვლება, მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობას არ აპირებენ:
_ წუხელ, გვიან ღამით, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გაიმართა „ოცნების“ ოფისში. მაჟორიტარები პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან პარტიული ათეულის შეცვლას ითხოვენ. პარტიის თავმჯდომარეს პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ცენტრთან არ გაარკვევს სიტუაციას და სიაში ისევ იქნებიან ყოფილი „ნაციონალები“, ისინი „ქართული ოცნების სასარგებლოდ არ იმუშავებენ, _ ამბობს ჩვენი წყარო.
მისივე ინფორმაციით, მათ ამ პროტესტს სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.
_ სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. ის ადამიანები, რომელთა მხრებითაც მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, კატეგორიულად ითხოვენ სიიდან იმ ადამიანების ამოღებას, რომლებიც მათ წინააღმდეგ მუშაობენ. საუბარია შალვა ჩანტლაძეზე, თემურ ხუხუნაიშვილზე _ ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის „ოცნების“ მოწინააღმდეგები იყვნენ და ახლა, „გამზადებულ სუფრაზე“ , იოლად სურთ მოხვედრა, _ გვითხრა წყარომ.
კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის ხელმძღვანელობას იმ რეალობაზეც ესაუბრნენ, რაც დღეს ჩოხატაურშია:
_ გარდა სიისა, პრობლემააა რამდენიმე კანდიდატიც. ჩოხატაური პატარა რაიონია და ყველამ ყველაფერი იცის. თუ მოინდომებენ, ქუჩაში გავლენ და იკითხავენ, ადვილად გაიგებენ, რომ საზოგადოებას ეს ყველაფერი არ მოსწონს და „ქართული ოცნების“ რეიტინგი ყოველდღე ეცემა. გუშინდელ შეხვედრაზე ირაკლი კუჭავას პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ცვლილება არ მოხდება, „ქართული ოცნება“ საკრებულოში 7 კაცის გაყვანასაც კი ვერ შეძლებს, _ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას წყარო.
მისივე თქმით, შეხვედრაზე პირობა მიიღეს, რომ დეტალებს ცენტრალურ ოფისში გაარკვევდნენ და პარტიის ხელმძღვანელობასაც ჩააყენებდნენ საქმის კურსში, თუმცა, როგორ „გურია ნიუსმა“ გაარკვია, ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ზედა ეშელონებში წუხელ საუბარი არ ყოფილა.
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში და აღნიშნავენ, რომ დაზუსტებული პარტიული სიები ხვალ ოფიციალურად გახდება ცნობილი.
ამავე თემაზე: სკანდალი “ქართულ ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციაში _ “ვაი, ჩემო დღეო!
ერევა თუ არა დეპუტატი წილოსანის ქმარი საარჩევნო პროცესში _ “თავს ვერ დავდებ”