“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ვიდრე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება, მანამდე 7 დაბის და სოფლის მცხოვრები ქალები მრგვალი მაგის გამართვას აპირებენ. “ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ თავმჯდომარის ქეთევან ხიდაშელის თქმით, ლიდერი ქალები საკრებულოს და მერიის წარმომადგენლების შეხვდებიან.
“მრგვალ მაგიდასთან ლიდერი ქალები გააკეთებენ მათი თვალით დანახული პრობლემების პრეზენტაციას, რათა შემდგომში, შეძლებისდაგვარად, მოხდეს მათი ასახვა 2018 წლის ბიუჯეტში. ლაითური: მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს შიგა გზების მოხრეშვას, ბაღის პირველ სართულზე ახალგაზრდული ცენტრის მოწყობას (ესაჭიროება მცირედი რემონტი); ნარუჯა: ითხოვს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ტრანსპორტით უზრუნველყოფას (საწვავი, მძღოლის ანაზღაურება-ნაწილობრივი ან მთლიანი), სკვერის, როგორც კულტურული ღონისძიებების ადგილის მოწყობას); ნასაკირალი: ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, ან ძველის რეაბილიტაციას, ახალგაზრდებისთვის რესურსოთახის გარემონტებას, სადაც თანამონაწილეობით განთავსდება კომპიუტერები და საკუთარი თანამონაწილეობით ბიბლიოთეკა; ლიხაური: ამბულატორიის შეკეთება, სკოლის და ბაღის წინ რკინის ჯებირების მოწყობა ან მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟება 2 ადგილას. სოფლის ცენტრის მოწესრიგება და ერთი ოთახის მოწყობა, სადაც მოხდება სხვადასხვა ხელსაქმის და სწავლება, 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია; ძიმითი: წყლის პრობლემის მოგვარება ერთ უბანში, საბავშვო ბაღისთვის ახალი სივრცის გამოყოფა, ბაღის ძველ ადგილზე ბიბლიოთეკისა და გამგებლის კაბინეტის ჩამოტანა, კლუბის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა და მოწესრიგება (სკამების დადგმა, გამწვანება); დვაბზუ: დვაბზუსა და ჭალაბოხვაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, შიგა გზების მოწესრიგება, გაღმა დვაბზუს კლუბის რეაბილიტაცია და იმავე შენობაში საექიმო კაბინეტის მოწყობა; ჭალა ბოხვაური: ბიბლიოთეკის მოწესრიგება ან ახალგაზრდული რესურს ოთახის მოწყობა.“ – გვითხრა ქეთევან ხიდაშელმა.
ამავე ორგანიზაციის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ შვიდივე თემში სერიოზულ გამოწვევად რჩება შშმ პირების, განსაკუთრებით დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამებში ჩართვა. ვინაიდან კონკრეტულად 2 წლის ასაკიდან ბავშვთა პროგრამების არარსებობა რეგიონებში ამ ბავშვებს ართმევს შესაძლებლობას მოხდეს მათი სოციალიზაცია საზოგადოებაში. ხშირად მშობლებს უწევთ ამ ბავშვებისთვის პროგრამაში ჩასართველად შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილები და იმ ქალაქებში გააკეთონ რეგისტრაცია, სადაც ასეთი პროგრამები მუშაობს. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. პროგრამების არ არსებობა ადგილებზე დისკრიმინაციულია სახელმწოფოს მხრიდან, რადგან არ შეიძლება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბავშვებისთვის არსებობდეს სხვადასხვა სამედიცინო სერვისები.