„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა მედიაცენტრში პრესკონფერეცია გამართა და იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც დააფიქსირეს დამკვირვებლებმა.
“ჩვენი დაკვირვებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თბილისში ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენ მიერ დაიწერა 3 საჩივარი. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები: ამომრჩეველზე არაპირდაპირი ზეწოლა საარჩევნო უბნებზე ამ დროისთვის ყველაზე პრობლემური არის ახალი ტენდენცია, რომელიც თბილისის ყველა ოლქში ფიქსირდება. თითქმის ყველა იმ უბანზე, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი კომისიის რეგისტრატორ წევრებს თავზე ადგანან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები, რომლებიც სამაგიდო სიებიდან აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს რიგითი ნომრებით. ამ მხრივ ძირითადად აქტიურობენ „ქართული ოცნებისა” და „მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები. სამაგიდო სიიდან ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის რიგითი ნომრის ამოწერით სუბიექტის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, კედლის სიაში მისი შედარებით მიიღონ პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი იმ პირის რომელმაც მისცა ხმა. აღნიშნულმა ფაქტმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ამასთანავე, შესაძლებელია ეს ქმედება გამოყენებული იქნას ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისთვის. ჩვენმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა #3 საბურთალოს 21-ე უბნის კომისიის თავმჯდომარესთან ქეთევან კოპაძესთან გასაუბრების ამსახველი აუდიო ჩანაწერი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაუკავშირდა ქართულ ოცნებას, კერძოდ, ლ. ჯაფარიძეს, რომელმაც უთხრა, რომ რიგითი ნომრების ჩაწერა პრობლემა არ არის, მთავარია, რომ პირადი ნომერი არ ჩაინიშნონ. შეუძლებელია გაკონტროლდეს, კონკრეტული პირი იწერს მხოლოდ ამომრჩევლის სიით ნომერს, თუ მასთან ერთად პირად ნომერსაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ ქმედებებში პრობლემას ვერ ხედავენ, ჩვენი აზრით, სწორ განმარტებას არ წარმოადგენს. ამ ტიპის დარღვევებზე ჩვენ მიერ ყველა უბანზე დაიწერება შესაბამისი საჩივარი. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. ასევე, ამ საქმით უნდა დაინტერესდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. მუქარა ჩვენს დამკვირვებელზე სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #64 უბნის გარეთ სავარაუდოდ „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დამკვირვებელს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამკვირვებლების არშეშვება საარჩევნო უბნებზე სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #85 და #43 უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში კომისიის წევრები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. მცირე ხნის შემდეგ კომისიამ შეუშვა დამკვირვებლები. კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელ წილისყრაზე უარის თქმა დიდუბის #8 საარჩევნო ოლქის #1 უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ფუნქციათა გადასანაწილებელ კენჭისყრაში, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ მაინც მისცა მას საშუალება, სასურველი ფუნქცია შეესრულებინა. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი. საკონტროლო ფურცლის შევსება წესების დარღვევით კრწანისის #4 საარჩევნო ოლქის #24 უბანზე საკონტროლო ფურცელზე ხელი მოაწერა პირველმა ამომრჩეველმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს პირი არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი. ხმის მიცემა მარკირებული პირის მიერ გლდანის #10 საარჩევნო ოლქის #10 უბანზე კომისიამ ხმის მიცემის უფლება მისცა ერთ- ერთმა ამომრჩეველს, რომელსაც თითზე მარკირება აღენიშნებოდა. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.“ – თქვა ეკა გიგაურმა.