პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ში დაკითხვაზე ისევ დაიბარეს.
„ჩემი წინა დაკითხვა დაკავშირებული იყო აქციის მსვლელობისას გამწარებული ადამიანის სიტყვების გამო, რომელიც მეორე დღეს არ მახსოვდა. იქიდან ცდილობენ რაღაცის შექმნას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, იგივე საქმეზე არ ვარ დაბარებული, თუმცა, რა საქმეზე ვარ დაბარებული, არ ვიცი.
თუ დამადანაშაულებენ ტერორიზმის ხელშეწყობაში, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. ამ სახელმწიფოში არაფერია გასაკვირი, ალბათ ის ინტერესი აქვთ მთლიანად გამანადგურონ“,_აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ არ დაიბარეს შვილმოკლული მამა ტერორიზმის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე და რატომ გახდა მისი გამოკითხვა საჭირო განაჩენის გამოტანის შემდეგ.
როგორც ცნობილია, ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე მოწმის სტატუსით მალხაზ მაჩალიკაშვილი ორი დღის წინაც იყო დაბარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.