აგვისტოს ბოლოს, ბოსტნებში ზოგი ნათესი უკვე ამოსული უნდა იყოს, რომ შემოდგომის ბოლომდე ოჯახში მწვანილეული გვქონდეს. ესაა: ქინძი, ოხრახუში, კამა, ნიახური, ცერეცო… რაც შეეხება ბოლოკს, ნიორს, მწვანე ხახვს (იგივე ჭლაკვი), გვიანი არ იქნება, თუ სექტემბერში დავთესავთ. ამ კულტურების დათესვა სასურველია აგვისტოშიც. გვახსოვდეს, რომ სექტემბერში დათესილ მწვანილეულობას, ამ დროისთვის დამახასიათებელი ამინდის ცვალებადობის გამო, ყურადღება სჭირდება, რომ უეცრად არ ჩახმეს. თუ ღამით აცივდება, სასურველია ახალამოსულ ნათესს პოლიეთილენის პარკი გადავაფაროთ, დილით კი გადავაძროთ. თუ ცხელა, სასურველია 3-4 დღეში ერთხელ მორწყოთ, რადგან ყოველდღიური მორწყვა უარესია. ახლადამოსული ნათესი, შესაძლოა, სულ ჩაიკარგოს, რადგან ზედმეტი წყალი ფესვებს უკარგავს განვითარების და ჰაერის მიღების საშუალებას.
სექტემბერი შესანიშნავი დროა შესანახად გათვალისწინებული ბოსტნეულის კერძების და საწებლების გასაკეთებლად.
რაც შეეხება სხვა სამუშაოებს, ბაღებში ხეხილოვნების კრეფისას, მოიმარაგეთ კიბეები, ვედროები და, რაც მთავარია, კავები. მოსახლეობის უმეტესობა დაუდევრად ეპყრობა მცენარის ტოტს, რომელზეც ვაშლი თუ მსხალი ასხია და დაუნდობლად ტეხს მას. რატომღაც ჰგონიათ, რომ მცენარეს ეს არ აწუხებს და არ აბრკოლებს მის განვითარებას. მოკრეფილი ხილი, რა რაოდენობისაც უნდა იყოს, არ დაალაგოთ მძაფრსუნიანი პროდუქტის ან ქიმიური საშუალების გვერდით. ის აუცილებლად მიიღებს სუნს.
სექტემბრის დასაწყისში თანდათან უნდა დავიწყოთ კენკროვანების გასხვლა (ხურტკმელი, მოცხარი, ჟოლო). მოვაშოროთ ზედმეტი ხმელი ტოტები ნებისმიერ ხეხილოვანს თუ ბუჩქოვანს და დავწვათ. ამ დროს შეიძლება, ასევე, შესქელებული ბუჩქების გამოხშირვა და გადარგვა.
რომელ ნაკვეთსაც მოსავლისგან გავათავისუფლებთ, აუცილებლად გადავბაროთ. კარგი იქნება, თუ ნაკელს შევიტანთ და ისე გადავბარავთ.
დავაკვირდეთ ამოსაძირკვ ძირებს და გავიტანოთ ნაკვეთიდან. ასე თანდათან გავანახევრებთ საშემოდგომო სამუშაოებს და ერთად არ მოგროვდება.
სექტემბრის დასაწყისში მოცელილი ბალახის მასა საუკეთესო თივად მიიჩნევა, რადგან სრულად ახერხებს მზეზე შრობას და გახმობას.