საქართველოში უმუშევრობა კვლავ რჩება მოსახლეობის მიერ ყველაზე მწვავედ აღქმულ საკითხად.
დღეს სასტუმრო რუმსში არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა საჭიროებების და დასაქმების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტთან პარტნიორობით.
რუმსში გამართული ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა და სიდას აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა გახსნეს.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, გასამართლების შემდეგ დაახლოებით 2-ჯერ იზრდება უმუშევართა რაოდენობა. გარდა ამისა, ის პროფესია და კვალიფიკაცია, რომელიც ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის მქონე და განრიდებულ პირებს აქვთ, არ არის თანხვედრაში დამსაქმებელთა მოთხოვნებთან.
გასამართლების შემდეგ კვლევის მონაწილე ბენეფიციართა 58,8%-ისთვის შემცირდა ოჯახის შემოსავალი, 11,5%-ისთვის გაიზარდა ხარჯები, მაშინ როდესაც მონაწილეთა 10% სოციალურად დაუცველია.
დასაქმების სასურველ სფეროებად გამოიკვეთა ბიზნესსექტორი და სოფლის მეურნეობის სფეროები;
აღსანიშნავია, ისიც, რომ კვლევის მონაწილე ბიზნეს ორგანიზაციებიდან მეოთხედმა გამოთქვა მზაობა დაასაქმოს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, ზვიად მიხანაშვილმა განაცხადა, არასამთავრობო სექტორისა და სამთავრობო უწყებების ერთობლივი ძალისხმევით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის დადებითი შედეგის მიღება შესაძლებელი იქნება.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია კვლავ რჩება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად. თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა ამისთვის საკმარისი არ არის და შესაბამისად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში. ამ კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი პრეზენტაციას ატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. არაერთი პროექტი განვახორციელეთ და მიმდინარე პროექტიც ამის დადასტურებაა. შესაბამისად, არასამთავრობო სექტორისა და სამთავრობო უწყებების ძალისხმევით შესაძლებელი იქნება დადებითი შედეგის მიღება“, _ ამბობს მიხანაშვილი.
როგორც გამოყენებითი კვლევების კომპანია „ეი არ სის“ დამფუძნებელი და მკვლევარი, ქეთევან ხარატიანი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, კვლევა 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 291-მა ბენეფიციარმა მიიღო.
„კვლევა 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის ჩატარდა 2 ძირითადი მეთოდით. ეს არის რაოდენობრივი კვლევის მეთოდი, რომელშიც იგულისხმება ბენეფიციარებთან პირისპირ ინტერვიუ და დამსაქმებლების ანკეტირება. ანკეტირება იყო თვითშევსებადი ანკეტებით, ანუ ბიზნეს ორგანიზაციებს ეგზავნებოდათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კითხვარი და ისინი პასუხობდნენ. კვლევა გახორციელდა, ასევე, თვისობრივი მეთოდის გამოყენებით. ჩაიწერა სიღრმისეული ინტერვიუები ექსპერტებთან და ბენეფიციარებთან. ჩვენი მიზანი იყო, რომ პროექტში მონაწილეობა მიეღო 300 ბენეფიციარს, მაგრამ მონაწილეობა 291-მა მიიღო. საკმაოდ რთული იყო კვლევის ორგანიზება, რადგან თვითონ ჯგუფია რთული, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო დაგვეხმარა ამ კვლევის განხორციელებაში “, _ამბობს ხარატიანი.
რაც შეეხება, საქართველოში დასაქმების ბაზრის მდგომარეობის კვლევის შედეგების მიხედვით, ბიზნესკომპანიები საჭირო კადრებს კვალიფიკაციის არ ქონის გამო ვერ პოულობენ, ყველაზე მოთხოვნადი კი დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორშია.
„აღმოჩნდა, რომ ბიზნესკომპანიებს აქვთ და ადრეც ჰქონიათ კადრის დაქირავების საჭიროება, მაგრამ, მიუხედავად მაღალი უმუშევრობის დონისა, ბიზნესკომპანიებს წინა წლებშიც გაუჭირდათ კადრების მოძებნა. ყველაზე მეტი საჭიროება გამოვლინდა სოფლის მეურნეობის დარგის სფეროში, ეს არის აგრონომები, ვეტერინარები, ზოოტექნიკოსები. თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა არ არის სათანადო, მით უმეტეს, პროექტის ბენეფიციარებმა რამდენიმე წელი გაატარეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მათი დისკვალიფიკაცია მოხდა“, _ ამბობს ხარატიანი.
მისივე თქმით, საკმაოდ მცირეა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებას თანხმდებიან.
„საკმაოდ მცირეა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ პრობაციონერს ან ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებდნენ. კომპანიები, კი რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებაზე უარს ამბობენ, ერთ-ერთი მთავარ ფაქტორად უნდობლობას ასახელებენ“, _ ამბობს ხარატიანი.
მისვე თქმით, საჭიროა როგორც ნდობის აღდგენა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა მიმართ, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობა.
„ერთი მხრივ, უნდა ვიმუშაოთ ნდობის აღდგენაზე, რადგან არსებობენ ჯგუფები, მაგალითად, ქალების და იმ პირების, ვისაც მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომლებიც შეიძლება ადვილად დასაქმდნენ. მეორე მხრივ კი უნდა ვიმუშაოთ მათი კვალიფიკაციის გაზრდაზე, გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ბევრი ადამიანი, რომელსაც სტრესი აქვს გამოვლილი და ბევრი წელი ასეთ დაწესებულებაში გაატარა, მოტივაციაც ნაკლები აქვს “,_ ამბობს ხარატიანი.
ნასამართლეობის შედეგად გამოწვეულ დასაქმების პრობლემაზე საუბრობს პროექტის მენეჯერი ნინო დემეტრაშვილიც.
მისი თქმით, უნდობლობის შედეგად გამოწვეული უმუშევრობა ეკონომიკურ ფონს ამძიმებს, რაც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მიზეზი ხდება.
„კვლევის ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნასამართლეობა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებაზე. ასევე დაბალი არის დამსაქმებელთა მზაობა და მოტივაცია, რომ მათთან დაასაქმონ ყოფილი პატიმრები და ასევე, პირობითი მსჯავრის მქონე პირები. მნიშვნელოვანია, ისიც რომ უნდობლობის მაღალი ხარისხი და ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს შემდეგ უკვე განმეორებით დანაშაულის ჩადენას“, _ ამბობს ის.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უწყებებს შორის მუშაობა უფრო მეტად კოორდინირებული იყოს და ასევე განათლების სამინისტროს როლი გაიზარდოს.
„მუშაობა იყოს უფრო მეტად კოორდინირებული უნდა იყოს, როგორც სამთავრობო უწყებებს შორის, მაგალითად, როგორც პენიტენციური დაწესებულება და პრობაციული სამსახური, ისე განთავისუფლების შემდეგ, დანაშაულის პრევენციის ცენტრთან. ეს ის უწყებებია, რომელთანაც ხვდება ბენეფიციარი და აქვს გარკვეული კონტაქტი. გარდა ამისა, აუცილებელია განათლების სამინისტროს როლის გაძლიერება და პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით. ერთი, რომ უნდა მოხდეს ინფორმაციის გავრცელება იმ შესაძლებლობებზე, რაც არსებობს პროფესიულ სასწავლებლებში, და მეორე, ბენეფიციარებს უნდა შესთავაზონ მათთვის საინტერესო პროფესიები“, _ ამბობს დემეტრაშვილი.
ის, ასევე, კერძო სექტორისა და ბიზნეს ჯგუფების ჩართულობის მნიშვნელობაზეც საუბრობს.
„მნიშვნელოვანია ასევე კერძო სექტორის და ბიზნეს ჯგუფების ჩართვაც, რომლებიც ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას. უნდა მოხდეს მათთვის ინფორმაციის მიწოდება, პოზიტიური მაგალითების ჩვენება, რაც ხელს შეუწყობს იმ დამოკიდებულების შეცვლას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა მიმართ“, _ ამბობს დემეტრაშვილი.