აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, 1 931 ჰექტარი ფართობი შეიწამლა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებების გასახორციელებლად, მთლიანობაში, ხელფასის სახით მუშახელზე 96 558 ლარია გაცემული, ხოლო საწვავის შესაძენად 6 523 ლარი გაიხარჯა.
სამუშაოების პირველი ეტაპის გასახორციელებლად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება მაისში მოხდა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებებისთვის დამატებით 15 984 ლარი აისახა, რაც განსაკარგავად ა(ა)იპ “საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრს” გადაეცა. სწორედ ამ სამსახურის კურირებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე 125 ჰექტარი ფართობი დამუშავდა.
ზემოთ ნახსენები ა(ა)იპ-ის მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ერთი ჰექტარი ფართობის შესაწამლად, ნორმის შესაბამისად, ჰექტარზე 0,6 ლიტრი ბიფეტრინი გაიხარჯა, ხოლო მუშახელის ანაზღაურება ერთ ჰექტარზე 50 ლარით განისაზღვრა.
ამავე სამსახურის ინფორმაციის შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ახდენდნენ ფართობების შეწამვლას, ადგილზე გამგებლის წარმომადგენლების მიერ იყვნენ შერჩეულები და მათ შესაბამისი მომზადება გაიარეს. ამასთან, სოფლებში, რწმუნებულების მიერ კონტროლდებოდა, სად და როგორ შეიწამლა ფართობები და სწორედ ამის შესაბამისად ხდებოდა ანაზღაურების გაცემაც.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გარდა თხილის ფართობებისა, საყანე ფართობებიც შეიწამლა თერმული ნისლისა და წყლის დასხურებით, რასაც სურსათის უვნებლობის სამსახური უშუალოდ კურირებდა. გარდა ამისა, მოსახლეობას 14 406 ლიტრი წამალი გადაეცა უფასოდ.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გახორციელებულმა სამუშაოებმა საკმაოდ შეამცირა მავნებლები, თუმცა, გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს ადრეულ გაზაფხულზე წამლობის ხელახლა ჩატარება.
მოსახლეობის საერთო აზრით კი, მიუხედავად ამ ღონისძიებებისა, შეწამვლა საკმაოდ გვიან გახორციელდა და ბუნებრივია, მან ის ეფექტი ვერ მოიტანა, როგორიც მაშინ იქნებოდა, შეწამვლითი ღონისძიებები აპრილი-მაისის თვეში რომ გახორციელებულიყო.
გარდა ამისა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, არ მოხდა მოსახლეობის სწორად ინფორმირება, თუ რამდენად საზიანო იყო ბიფეტრინის შემცველობის წამლით შეწამვლა. სწორედ ამიტომ ბევრმა ფართობების წამლით დამუშავებაზე უარი თქვა.