ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი ახალი 2018 წლის შემობრძანებამდე და, ჯერჯერობით, ლანჩხუთის ქუჩებში წინასაახალწლო სამზადისი არ შეიმჩნევა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, მაკა სულაბერიძემ გვითხრა, ლანჩხუთის ქუჩებში სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად წელს მუნიციპალიტეტი 10 ათასამდე ლარს გაიღებს. აღნიშნული თანხით ქალაქის ცენტრში ნაძვის ხე დაიდგმება და ქუჩებში სადღესასწაულო განათებები დამონტაჟდება.
„ლანჩხუთში საახალწლო ღონისძიებები უკვე დაიწყო. ყველა სააღმზრდელო ცენტრში საზეიმო კონცერტები იმართება. ყველა აღსაზრდელი საჩუქარს მიიღებს. 28 დეკემბერს კი პატარებს კულტურის ცენტრი საახალწლო კონცერტით უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას კულტურის ცენტრის აღსაზრდელები იღებენ. 29 დეკემბერს კონცერტი გაიმართება სამუსიკო სკოლაში, ხოლო 30 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებას კვლავ კულტურის ცენტრი გამართავს. ქალაქის ცენტრალურ პარკში დაიდგმება ნაძვის ხე და ქუჩებში დამონტაჟდება საახალწლო განათებები, რისთვისაც 10 000-ამდე ლარი დაიხარჯება“, _ გვითხრა მაკა სულაბერიძემ.