29 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 2017 წლის 5-დან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.
საანგარიშო პერიოდში საარჩევნო კამპანია შესამჩნევად გააქტიურდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 252 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.
ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 13, ძალადობრივი ქმედების 2, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, სააგიტაციო მასალების დაზიანების 4 შემთხვევა. გარდა ამისა, „სამართლიანი არჩევნების“ ყურადღების ცენტრში მოექცა საოლქო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტის 13 შემთხვევა; ასევე, საეჭვო შემოწირულობების 2 ფაქტი.
განსაკუთრებული ტენდენციის სახით გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები საოლქო საარჩევნო კომისიებში, რაც გამოიხატება კომისიის წევრთა ოჯახის წევრების არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაში. ასეთი ფაქტები გამოვლინდა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული რამდენიმე წევრის შემთხვევაშიც.
ოზურგეთი – 23 სექტემბერს, ოზურგეთის #6 საარჩევნო უბნის შენობაში უცნობმა პირებმა დაამტვრიეს კომისიის შესასვლელი კარი, ჩამოხიეს საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის, ამომრჩეველთა სიები.
4 სექტემბერს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის 13 ისეთი წევრი აირჩია, რომელთაც გასულ არჩევნებზე დაკისრებული ჰქონდათ დისციპლინური პასუხისმგებლობა. არჩეული წევრებიდან 7 ისევ კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო 6 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ხოლო ერთ რიგითი წევრი. აქედან საპარლამენტო არჩევნებზე 7 წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შენიშვნა ჰქონდა დაკისრებული, ხოლო 6 წევრს – გაფრთხილება.
ოზურგეთის მერიის თემში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი მინდია კეჭაყმაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარად მისი კანდიდატურა დაასახელა, მისი ნათესავები და ახლობლები „ქართული ოცნებიდან“ სთხოვენ, რომ კანდიდატურა მოხსნას და არჩევნებს ჩამოშორდეს. კეჭაყმაძე ამბობს, რომ მიგზავნილი პირები მას სთხოვენ ხელისუფლების კანდიდატს, ალექსანდრე ღლონტს ხელი არ შეუშალოს არჩევნებში. კეჭაყმაძე კონკრეტულ პირებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს რომ ე.წ. „მიგზავნები“ დღემდე გრძელდება.
სოფელ ოზურგეთის თემში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი როყვას განცხადებით, მის მიმართ ზეწოლა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა და ბოლო რამდენიმე დღეა შეწყდა. ის კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისაგან თავს იკავებს. გიორგი როყვას თქმით, მას კანდიდატურის მოხსნას თხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ. როყვა ამჟამად, შპს „მედალფას“ – მედიკამენტების შესყიდვის და ხარჯვითი ნაწილის განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობს.
ოზურგეთის #60 საოლქო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ნინო ბურჭულაძე, აცხადებს, რომ კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლმა, მათე სკამკოჩაშვილმა მას საქმიანობაში ხელი შეუშალა და კამერის დამტვრევითაც დაემუქრა. ბურჭულაძე ამბობს, რომ 27 აგვისტოს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ვიდეოკამერით იღებდა სამუშაო პროცესს. ამ ფაქტით გაღიზიანდა საოლქო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მათე სკამკოჩაშვილი. მან ბურჭულაძეს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა, შემდეგ კი კამერის დამტვრევით დაემუქრა და კამერაზე ხელი აუკრა. ბურჭულაძეს შესაბამისი ვიდეო კადრებიც აქვს. მან, 6 სექტემბერს ოზურგეთის #60 ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად თენიეშვილს განცხადებით მიმართა და სკამკოჩაშვილისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.
10 სექტემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენა ქალაქ ოზურგეთში, თეატრის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარეობდა. წარდგენისას „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ მოქალაქეები, მათ შორის საჯარო მოხელეები, სამარშრუტო ტაქსებით ჩამოიყვანეს. რამდენიმე მათგანმა დამკვირვებელთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ იძულებით იყვნენ წამოსული. მაგალითად, დავით მახარაძე – პენსიონერი ჩოხატაურიდან; ლანჩხუთის სპორტსკოლის დირექტორის მოადგილე; სოფელ ჭანიეთის მკვიდრი – მარიამ შავიშვილი; მოქალაქეები ლაითურიდან, მაკვანეთიდან, ჯუმათიდან და გურიანთიდან, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. მძღოლებს კომპანია „სოკარის“ საწვავის 10-ლარიან კუპონებს პარტიის კოორდინატორები ღონისძიებაზე ურიგებდნენ. სოფელ მაკვანეთის სამარშრუტო ტაქსის მძღოლს 20 ლიტრის კუპონი გადაეცა. მძღოლმა ვინაობა არ გაამხილა, მაგრამ დაადასტურა, რომ 20 მოქალაქე შეკრიბა და წამოიყვანა.
წარდგენის პარალელურად, პარტიის ადგილობრივი კოორდინატორების მიერ მოქალაქეების აღრიცხვაც ხორციელდებოდა. კერძოდ, სახელ–გვარის გასწვრივ მოსულ მოქალაქეებს ხელს აწერინებდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებამ პარტიის ერთ-ერთი კოორდინატორის გაღიზიანება გამოიწვია. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ჩოხატაურშიც. 13 სექტემბერს, პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჩოხატაურში მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა წარადგინა, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და აგიტატორები დილიდანვე ახორციელებდნენ მოქალაქეების მობილიზებას, უფასო ტრანსპორტირებას სოფლებიდან. გავრცელებული ინფორმაციით მათ დავალებული ჰქონდათ 15-20 ადამიანის მიყვანა შეხვედრაზე.
ლანჩხუთი – საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატს ლელა ჩახვაძეს დაუკავშირდა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ვასილ ბასილაძე და უთხრა, რომ თუ მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ იყო დაეტოვებინა სამსახური. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას ლელა ჩახვაძემ აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ვასილ ბასილაძის მხრიდან მასზე ზეწოლას ადგილი მართლაც აქვს, რადგან მას კუთვნილ შვებულებაში გასვლის თაობაზე განცხადება არ დაუკმაყოფილა. ლელა ჩახვაძე ამბობს, რომ შვებულებაზე უარი უკავშირდება მისი და მისი შვილის პოლიტიკურ აქტივობას. გარდა იმისა, რომ ჩახვაძე „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატია, მისი შვილი, გვანცა ჩხარტიშვილი ოპოზიციური პარტიიდან კენჭის იყრის ნინოშვილის თემის მაჟორიტარად საკრებულოში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აკეთი, აცანა, მამათი, ჩოჩხათი, ადგილობრივ მოსახლეობას 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. აღნიშნული აქციის ინიციატორი ლანჩხუთი-ჩოხატაურის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი იყო. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს დეპუტატის ბიუროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განუცხადა, ქველმოქმედება მაჟორიტარის ფონდის – „წილოსანი“, დაფინანსებით და საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით მოეწყო.
ჩოხატაური – პროფესიული წევრების გარდა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე დააფიქსირა ინტერესთა კონფლიქტი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან მიმართებაში. დამკვირვებლებისთვის ასეთი 10 შემთხვევა გახდა ცნობილი 6 საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ჩოხატაური – #62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ქეთევან რამიშვილი „პატრიოტთა ალიანსიდან“ არის დაბაში „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ვახტანგ გაჩეჩილაძის მეუღლე .