დღეს, ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე _ ევროკავშრის წვლილი საქართველოში კულტურის სფეროს განვითარებაში.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ კოორდინატორი ქეთევან შენეგელია და კულტურის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, ევროკავშირის საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოებისთვისე იზრუნებს.
„ჩვენ ვიზრუნებთ საქართველო კიდევ უფრო დაახლოვდეს ევროკავშირთან. ვახორციელებთ ფინანსურ მხარდაჭერას. ეს არ არის ცალმხრივი თანამშრომლობა, ვითვალისწინებთ თქვენს საჭიროებებსაც. ეს ყველაფერი ასახულია რეგიონალურ დონეზე. ბრიუსელში გამართულ სამიტზეც გაჟღერდა წინადადება კიდევ უფრო მეტი დაფინანსების შესახებ“,_ განაცხადა ჰერმანმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2018 წელი კულტურის სფეროში გარდამავალი წელი იქნება.
რა ცვლილებები იგეგმება მომავალი წლიდან კულტურის სფეროში და რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა_ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ესაუბრა.
„2018 წელი არის ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის საიუბილეო თარიღი. გარდა ამისა, საქართველო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელია, რაც კულტურის სფეროში დიდი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.
სამინისტრომ ევროკავშირის დახმარებით უკვე დაიწყო კულტურის საჯარო დაფინანსების მოდელის შემუშავება. ჩვენ მხოლოდ საკონკურსო პირობებით დავაფინსანსებთ პროექტებს. ეს ხდება საუკეთესო ევროპული სტანდარტების მქონე ქვეყნებში და 2019 წლიდან მთლიანად გადავალთ საჯარო დაფინანსებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ უკვე შეიქმნება კულტურის ფონდი, სადაც საზოგადოება იქნება ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექსპერტების მეშვებოთ და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პროექტია უფრო პრიორიტეტული და რა ტიპის პროექტები უნდა დაფინანსდეს. გარდა ამისა, კულტურის სამინისტროში იმ უკანასკნელი ცვლილებების ფონზე, რაც განხორციელდა, კულტურის სამინისტრო იქნება უკვე კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ჩვენი მიზანია ხელახლა გავიაზროთ ჩვენი სამინისტროს როლი და ვეცადოთ მაქსიმალურად კონცენტრაცია გავაკეთოთ იმაზე, რომ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდეთ ის უნარები გამომუშავებული, რომელიც მათ დაეხმარებათ დამატებითი დაფინანსების მოძიებაში. ამ მხრივ ჩვენი პრიორიტეტი არის 2018 წლიდან შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება. ამ მიზნით შეიქმნა სიპი „შემოქმედებითი საქართველო“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოსახლეობას დაეხმაროს განვითარებაში, მცირე საგრანტო პროექტები დავაფინანსოთ, მცირე ინოვაციური შემოქმედებითი პროექტები, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ორიენტირებული. გარდა ამისა, კონკურსების გზით ვეცდებით წავახალისოთ ისეთი პროექტები რომლის ხელშეწყობაც მიზნად ისახავბს მაგალითად კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც იგულისხმება შშმ პირებისთვის კულტურისადმი წვდომის გაუმჯობესებას. რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებების ხელშეწყობით კულტურული ცხოვრების გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანი არის 2018 წლიდან გავააქტიუროთ სახელოვნებო განათლების მიმართულებით რეფორმები, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ. რაც მიზნად ისახავს უწყვეტი სახელოვნო განათლების შექმნას განათლების ყველა საფეხურზე, სკოლამდელი ასაკიდან დაწყებული პროფესიული განათლებით დამთავრებული“,_განაცხადა ხარატიშვილმა.
როგორც ცნობილია, საქართველო ევროკავშირის პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის პროგრამის _“შემოქმედებითი ევროპა“ (“Creative Europe”) წევრი გახდა.
“Creative Europe” („შემოქმედებითი ევროპა“) ევროკავშირის 6-წლიანი პროგრამაა, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.
რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში_ამ საკითხზე „გურია ნიუსს“ ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ კოორდინატორი ქეთევან შენეგელია ესაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, პროექტი გამოცდილების შეძენას შეუწყობს ხელს.
„დღეს საქართველოში ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც მონაწილეობის მიღება. თუნდაც მუშაობა პროექტებზე, თანამშრომლობა ევროკავშირთან ანუ გამოცდილების მიღება და გაღრმავება, თუ როგორ უნდა ვმუშაობდეთ პროექტზე, როგორ უნდა განვავითაროთ მარკეტინგი, ბიუჯეტი როგორ უნდა გავწეროთ და ა.შ. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუნდაც ის, რომ ვართ „შემოქმედებითი ევროპის“ წევრი ეს უკვე არის წინ გადადგმული ნაბიჯი“, _ განაცხადა შენგელიამ.
როგორც ცნობილია, პროგრამაში – „შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში დასაქმებულ ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. “Creative Europe”-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.