„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოცია -აფბა“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ასევე ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მკვეთრი მატებისა და საერთასორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, აგრძელებს საწვავის ბაზრის, კვლევას.
როგორც „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახარი აცხადებს მსოფლიო ბირჟებზე მართლაც არის ფასების მატების ტენდენცია, თუმცა ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები, მთლიანად არის აცდენილი, საერთაშორისო ტენდენციებს.
„თუ ჩვენ ქრონოლოგიურად შევხედავთ პროცესების განვითარებას. ვნახავთ, რომ ბარელზე ფასის მცირედით მატებისთანავე შეიცვალა ჩვენს საცალო ქსელშიც ფასები. ეს მაშინ, როდესაც ბირჟებზე ფასების ცვლილებას გარკვეული პერიოდი სჭირდება იმისთვის, რომ ცვლილება „პლაცის“ ფასზე მაინც აისახოს, რომ არაფერი ვთქვათ საცალო ქსელზე. უფრო კონკრეტულად კი, კომპანიებმა, როდესაც მეორედ დააკორექტირეს ფასები, ეს იყო ამ თვის დასაწყისში, ამ მომენტისთვის მსოფლიოში ბარელის ფასი 4% -ით იყო გაზრდილი და ჩვენთან მყისიერად 7%-ზე მეტით გაიზარდა საწვავის ფასები.
თუმცა, ნედლ ნავთობზე ფასების ტრენდი და „პლაცის“ ტრენდი, მცირედით მაგრამ მაინც არის განსხვავებული. ძირითადად, სწორედ ამაზე დაყრდნობით აპელირებენ ნავთობკომპანიების წარმომადგენლებიც და ლობისტებიც, სწორედ ამიტომ, მეტი სიზუსტისთვის, უკანასკნელი ტენდნეციები „პლაცის“ ფასიდან გამოვთვალეთ.
დღეს არსებული მდგომარეობით, ერთი ტონა ბენზინი 578 დოლარი ღირს, არსებული გაცვლითი კურსით თუ ვიანგარიშებთ, ერთი ტონა ბენზინის ფასი 1433 ლარს შეადგენს, ამ თანხას ცხადია ემატება გაზრდილი აქციზის გადასახადი, დღგ და ტრანსპორტირების ხარჯები, რა ყველა კომპანიისთვის განსხვავებულია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დღეს ერთი ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი 1.74 ლარს არ აღემატება. ეს მაშინ როდესაც საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 2.45 ლარს აღწევს. რათქმაუნდა გასათვალისწინებელია, რომ საცალო ქსელში კომპანიებს დამატებითი ხარჯიც აქვთ, თუმცა როდესაც საცალო ქსელსა და საბითუმო ფასს, შორის რიგ შემთხვევებში, 0.71 ლარიანი სხვაობა გვხვდება, ძნელია რაიმე დამატებით ხარჯებს დავაბრალოთ.
რაც შეეხება სამომავლო ტენდენციებს, ჩვენ თუ დავაკვირდებით ბირჟებზე ბოლო თვეების ტენდნეციებს დავინახავთ, რომ ბაზარზე ადგილი ქონდა ჯანსაღ ვაჭრობას და ტრენდი ზრდის მიმართულებით მხოლოდ ბოლო ნახევარი თვეა რაც დაიძრა. ამის მიზეზი აშშ-ს სტიქია ღმოჩნდა, რომელმაც 15 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პარალიზება გამოიწვია, რამაც თითქმის 20%-ით შეამცირა ნავთობის გადამუშავება. სტიქიამ, ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მექსიკის ყურეს, რის შემდეგაც თითქმის 25%-ით შემცირდა ნავთობის მოპოვება. ამან, რა თქმა უნდა, მოახდინა გავლენა ნავთობის ფასზე, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ამერიკამ პირველად გახსნა თავისი სტრატეგიული მარაგები და 500 000 ბარელი მიაწოდა ბაზარს, რამაც ბაზარზე ფასის მატების ტენდენცია შეაჩერა. ბაზრისთვის ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება. რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ თუ ერაყი მაინც ჩაატარებს რეფერენდუმს ქურთისტანის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ის გადაკეტავს ნავთობსადენს, რომლითაც ხორციელდება ნავთობის ექსპორტი ჩრდილოეთ ერაყიდან. ამ განცხადებამ მყისიერად იმოქმედა ნავთობის ფასზე. თუმცა მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ნავთობზე ფასების ზრდის ტენდენცია არ შენარჩუნდება“, _ აცხადებს ბაირახტარი.