“Black Friday”, ანუ შავი პარასკევი ოზურგეთში, შეიძლება ითქვას, არ შედგა. “ელიტ ელიქტრონისის“ ოზურგეთის ფილიალში ხალხმრავლობა კი შეიმჩნეოდა, მაგრამ მყიდველი ფასებით უკმაყოფილი იყო.
მაღაზიის მენეჯერმა გვითხრა, რომ მედიასთან კომენტარს არ გააკეთებდა, მაგრამ დაგვდო პატივი და გვანახა, რომელ საყოფაცხოვრებო ნივთებზე იყო ყველაზე დიდი ფასდაკლებები. ასეთი აღმოჩნდა, უთო, ბლენდერები, ტაფები და სხვა ნივთები ანუ წვრილი ტექნიკა. აღნიშნული ნივთების კატეგორიაზე 50%-იანი, 30%-იანი, 35%-იანი და ქვემოთ ფასდაკლებები იყო. მსხვილ ტექნიკაზე კი მსგავსი ფასდაკლებები არ იყო.
მაგალითად, 2600-მდე სამსუნგის ტელევიზორს 400 ლარი ჰქონდა ფასდაკლება.
“მაინც ფასდაკლება გამოდის ჩემთვის და ვყიდულობ. თან ძველს ვაბარებ და ახალს მაძლევენ. 50%-იანი ფასდაკლებები, აბა, საქართველოში როგორ იქნება?“ _ გვითხრა ერთ-ერთმა მყიდველმა.
მოკლედ, “ელიტ ელექტრონისის“ მაღაზიაში არნახული ფასდაკლება მსხვილ ტექნიკაზე არ შედგა.
ინფორმაციისთვის, „შავი პარასკევი“ მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში. დღე, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია ამ დღეს აწყობს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე. ზოგიერთ შტატში ითვლება დასვენების დღედ. მთელი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მხრივ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გამოიყენეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად, მადლიერების დღის მეორე დღეს. „შავი პარასკევი“ ხვდება 23-იდან 29 ნოემბრამდე შუალედში (წყარო ვიკიპედია).
“გურია ნიუსი“, კიდევ ტექნიკის ორ მაღაზიაში იმყოფებოდა _ “მოდერნში“ და Techo modern , არც ერთ მათგანში მსხვილ ტექნიკაზე დიდი ფასდაკლებები არ ყოფილა.
“მოდერნში“ გვითხრეს, რომ მათ მაღაზიაში ყოველ თვეს სხვადასხვა სახის ფასდაკლებებია. დღეს მსხვილ ტექნიკაზე 10-15 %-იანი ფასდაკლებაა, ხოლო წვრილმან ტექნიკაზე 30-40 % ფასდაკლებაა.
“ეს ფასდაკლებები გამოდის მაშინ, როდესაც ხელზე გადაიხდიან თანხას და არა განვადებით. ამერიკაში, რომ „შავი პარასკევი“ ტარდება, ისეთი აქ ვერ ჩატარდება. მაგალითად, APPLE-ე არის ამერიკული ბრენდი და მას უღირს დიდი ფასდაკლება ამერიკაში. საქართველოში, რომ მათი პროდუქცია ჩამოდის, ბევრი პროცედურა სჭირდება და ასევე, თანხის გადახდა უწევს ტექნიკის მაღაზიებს“, _ გვითხრეს “მოდერნში“.
ერთ-ერთმა ოზურგეთელმა, რომელმაც არ ისურვა სახელი და გვარის დასახელება ხუმრობით გვითხრა: “რა უნდა გურიაში შავ პარასკევს. შავი პარასკევი არის ამერიკაში“.