დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ საერთაშორისო შეთანხმებებში ცვლილებების შესახებ იმსჯელა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა ორი საერთაშორისო შეთანხმების ცვლილების პროექტი წარადგინა. მისი განმარტებით, ორივე დოკუმენტი: „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)” N4 ცვლილების წერილ-შეთანხმება” და „2017 წლის 17 ივნისის „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)” N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება” ერთ პროექტთან დაკავშირებით არის გაფორმებული და ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაფინანსებას შეეხება.
მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებით ხდება თანხებით გათვალისწინებული სესხის შიდა რელოკაცია და გამოუყენებელი ფინანსები, რომელიც ბათუმის შემოვლითი პროექტისთვის აღარ არის საჭირო, გადავა და მოხმარდება სხვა პროექტებს. კერძოდ, ბაკურციხე – წნორის გზის მონაკვეთს, ფოთის ხიდის მშენებლობას. ასევე, სესხის თანხის ჩამორიცხვის ვადა 2023 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2025 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწევს. მეორე შეთანხმებასთან მიმართებით კი ხდება გამოუყენებელი 15 მლნ დოლარის გაუქმება.
კიდევ ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი კომიტეტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარუდგინა.
მისი თქმით, „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა)” N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება” ითვალისწინებს 2019 წელს გაფორმებულ შეთანხმებაში ცვლილებას. კონკრეტულად, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამისთვის, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 13 მლნ 550 ათასი ევროს ფინანსური რესურსი გამოუყო სესხის სახით.
იმის გათვალისწინებით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სივრცითი და ქალაქმშენებლობითი მიმართულება შარშან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადავიდა, საჭირო გახადა, რომ სასესხო შეთანხმებაში პროექტის განმახორციელებელ უწყებებს დაემატოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შემსრულებლად სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტო. ასევე, პროექტის თანახმად, სესხის დახურვის ვადა 2023 წლის 30 დეკემბრის ნაცვლად 2025 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწევს.
განხილულ საკითხებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.