unicef-ის იმუნიზაციის გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დიანა სამერსმა მშობლების კითხვებს უპასუხა.
_ მეც თქვენსავით მშობელი ვარ და ვაღიაროთ, რომ უსიამოვნოა, როდესაც ვუყურებთ, როგორ ცრიან ჩვენს ბავშვებს, მაგრამ ავადმყოფობა უარესია. ამ ხანმოკლე ტკენას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. იუნისეფი ყველა მშობელს ურჩევს, რომ ბავშვები არსებული მეთოდებით აცრან.
_ რას შეიცავს ვაქცინა?
_ იმისთვის, რომ თქვენმა ბავშვმა ავადმყოფობისგან დამცავი ანტისხეულები მიიღოს, ვაქცინა ავადმყოფობის ანტიგენს ან მიკრობებს უნდა შეიცავდეს. მაგრამ ეს მიკრობები დასუსტებული ან მკვდარია და სერიოზული დაავადების გამოწვევა არ შეუძლიათ. ვაქცინები ძალიან მცირე რაოდენობით შიცავენ ანტიგენს ან მიკრობებს, რომლებსაც ბავშვები ყოველდღიურად აწყდებიან.
_ არსებობს აზრი, რომ ვაქცინამ შესაძლოა აუტიზმის რისკი გაზარდოს. არსებობს თუ არა ამის მტკიცებულება და თუ არა,საიდან გაჩნდა ასეთი მოსაზრება?
_ წითელას, წითურას, ყბაყურას ვაქცინებსა და აუტიზმს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ეს აზრი გაჩნდა 1990-იან წლებში გამოქვეყნებული ნაშრომის შედეგად, რომელიც ამჟამად დისკრედიტირებულია. ამ ნაშრომის ავტორს სამედიცინო რეგისტრაცია გაუუქმეს და მისი სტატია უარყოფილი იყო. მოგვიანებით დადგინდა, რომ კვლევა ყალბ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა. მას შემდეგ ბევრი კვლევა ჩატარდა რომლებმაც დანამდვილებით დაადასტურა რომ MMR ვაქცინები აუტიზმს არ იწვევს და ამ რისკს არ ზრდის.
_ სამმა ექიმმა მითხრა, რომ ვაქცინები ვერცხლისწყალს შეიცავს და როგორც ვიცი, ეს ძალიან საშიში და ტოქსიკური ნივთიერებაა სხეულში შესაყვანად. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია?
_ ზოგიერთი ვაქცინა ვერცხლისწყლის უმცირეს რაოდენობას შეიცავს, რომელიც ჩვენი სხეულიდან ბუნებრივი გზით სწრაფად გამოდის. ვერცხლისწყალი კონსერვანტის და დაბინძურებისგან დამცავი საშუალების ფუნქციას ასრულებს არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია, მისგან გამოწვეული ზიანის შესახებ.
_ რა სიმპტომებს შეიძლება ველოდოთ ბავშვის ვაქცინაციის შემთხვევაში? როგორი ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია ვაქცინას?
_ აცრები ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს უსაფრთხოდ უტარდება. ვაქცინამ, ისევე, როგორც ნებისმიერმა სხვა წამალმა, შეიძლება, ისეთი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, როგორიცაა ნანემსარი ადგილის ტკივილი, აღგზნებადობა ან პატარა სიცხე. სერიოზული რეაქცია ძალიან იშვიათია. თუ თქვენს ბავშვს ისეთი რეაქცია აქვს, რომელიც გაშფოთებთ, დაუყოვნებლივ თქვენს ექიმს უნდა დაურეკოთ.
_ რატომ იფეთქებს ხოლმე წითელა, ვაქცინა არ მოქმედებს?
_ წითელას ვაქცინა ძალიან ეფექტურია. საქმე ისაა,რომ მილიონობით ბავშვს მთელს მსოფლიოში ვაქცინის სავალდებულო ორი დოზა არ უკეთდება. იგი უკიდურესად გადამდებია. თუ წითელაზე აცრილია მოსახლეობის 95%-ზე ნაკლები, მაინც შეიძლება გავრცელდეს. სწორედ ამიტომ, წითელა ხელახლა ჩნდება ხოლმე, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ის ერთხელ უკვე აღმოფხვრეს.
_ რატომ არ თავაზობთ ვაქცინაციის ალტერნატიულ კალენდარს იმ მშობლებს, რომლებსაც არ სურთ ექიმთან ერთი ვიზიტის დროს ბავშვს 7 აცრა გაუკეთონ?
_ არაფერია სანერვიულო იმაში, რომ ბავშვს ერთდროულად ერთზე მეტი აცრა გაუკეთდეს. ვაქცინაციის კალენდარი ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, როდესაც მისი იმუნური სისტემა ყველაზე უკეთ რეაგირებს ვაქცინაზე. აცრის გადადება ან გამოტოვება ძალიან სარისკოა.
თქვენს ბავშვს და აცრის გარეშე დარჩენილ სხვა ბავშვებს ინფექციური დაავადების გადადების საფრთხე ექმნებათ.
ჩვენ, იუნისეფში გვჯერა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს აცრილი, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს. ვაქცინაცია თქვენს ბავშვს სერიოზული დაავადებებისგან იცავს.
წყარო unicef.org