საკრებულოს 2017 წლის შემაჯამებელ სხდომაზე ლანჩხუთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ 2018 წელს გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ განკარგულების დამტკიცების შესახებ საკითხი წარმოადგინა, რასაც მწვავე კამათი მოჰყვა.
ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატის, დავით ჩხარტიშვილის შეფასებით, მის სოფელში იმდენად დიდი მეწყერული ზოლია, რომ ის თანხა, რაც ნინოშვილს ერგება, არასაკმარისია პრობლემის მოსაგვარებლად.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაა სოფელში, გეოლოგების ჩამოსვლაც აუცილებელია. ისეთი სიტუაციაა, რომ შეიძლება სოფლის დაცლაც კი მოგვიწიოს“, _ ამბობდა ჩხარტიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კახა ასკურავამ ჩხაიძისგან განმარტება ითხოვა, თუ რატომ ვერ მოხვდა 2018 წელს გასახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის სოფელ ჭყონაგორის პრობლემა, სადაც წვიმის დროს ათამდე ოჯახი იტბორება. ასკურავას მიერ წამოჭრილი საკითხი ნიგოითის თემის მაჟორიტარმა, ზაზა წულაძემ უფრო გაავრცო და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამ პრობლემის გადაწყვეტის ნების არქონაში დაადანაშაულა.
„კი ბატონო, წლებია ეს პრობლემა დგას. იქედან მოყოლებული, რაც გამგებლის წარმომადგენელი ვიყავი, სისტემატურად ვაჟღერებ ამ საკითხს. მე საკუთარი ძალებით თუ მოვახერხე იქ ერთ ადგილზე სიტუაციის გამოსწორება, საინტერესოა, თქვენ, ვისაც მეტი გავლენა და შესაძლებლობა გაქვთ, რატომ ვერ ახერხებთ ამ პრობლემის მოგვარებას?! სანამ უნდა ველოდოთ, მაინცდამაინც ადამიანები უნდა ჩაიხრჩონ იქ?! უბრალოდ, კეთილი ნება და მონდომება არ არსებობს, თორემ ამ პრობლემის გადაჭრა მარტივად შეიძლება“ , _ აღნიშნა წულაძემ.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, აღნიშნული საკითხი პროექტში ტექნიკური მოსაზრების გამო ვერ მოხვდა, რადგან ადგილობრივ დონეზე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.
გასახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ შენიშვნა ჰქონდა უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, ამირან ქანთარიას. „ოცნების“ წევრმა კახა ბოლქვაძემ კი ჟორდანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე ტროტუარის მოწესრიგების საკითხი დააყენა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესო ტაბიძემ მოუწონა დეპუტატებს აქტიურობა, თუმცა, მათ რჩევაც მისცა, რომ მსგავსი საკითხებით სხდომებს შორისაც დაინტერესებულიყვნენ.
„კარგია სხდომებზე აქტიურობა, მივესალმები ამ ფაქტს. მაგრამ უკეთესი იქნება, თუ სხდომებს არ დაველოდებით და მანამდე ერთად განვიხილავთ ამ საკითხებს. ისე არ უნდა იყოს, სხდომებზე თავი გამოვიჩინოთ, რომ მერე ვინმემ წაიკითხოს ან უყუროს და ამით დასრულდეს, ამოიწუროს საკითხი. მეც და მერიაც მზად ვართ უფრო აქტიურები ვიყოთ“, _ აღნიშნა ბესო ტაბიძემ.