აჭარაში ზღვის დონიდან 2025 მეტრის სიმაღლეზე გოდერძის უღელტეხილი მდებარეობს. გოდერძის უღელტეხილი მეორეული სუბალპური მდელოებითაა შემოსილი, ხოლო კალთები ციცაბო და დანაწევრებულია.
„გურია ნიუსი“ 23-25 აგვისტოს, გოდერძის უღელტეხილზე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ქსელ CENN-ის მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდა.
როგორც CENN-ის რეგიონალური კოორდინატორი, ირაკლი მიქელაძე აღნიშნავს, გარემოზე სხვადასხვა სახის ზემოქმედების შედეგად სუბალპური სარტყელი რამდენიმე მეტრით ჩამოწეულია.
„სუბალპური სარტყელი რამდენიმე მეტრით ქვევითაა ჩამოწეული. რაც იმას უკავშირდება, რომ ფაქტიურად მერქნიანი მცენარეები აღარ გვაქვს და ამ მცენარეების ადგილს ბუჩქნარები იკავებს. გარდა ამისა, მეიალაღეობა ტრადიციული დარგია ზემო აჭარაში. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი შედის ტყეში და ახალ წამოსულ ნაზარდებს ანადგურებს. ამიტომ ესეც ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია ტყის განახლებისთვის“, _ ამბობს მიქელაძე და აღნიშნავს, რომ რეკრეაციული წერტილების ათვისება უნდა მოხდეს.
„ამ ზეწოლის ჩანაცვლების სხვა გზები უნდა გამოიძებნოს. ეს გზები არის სწორედ რეკრეაციული პოტენციალის გამოყენება, იმისათვის რომ, ადამიანებს შემოსავლის სხვა წყარო გაუჩნდეთ. სხვა შემოსავალზე იფიქრონ და სწორედ ამ შემოსავალმა ჩაანაცვლოს დღეს არსებული შემოსავალი, თუნდაც, ის რომ ვიღაცას შეშა მიაქვს კანონიერად თუ არა კანონიერად. ეს ზეწოლა რომ შეცირდეს, ჩვენ გამოსავალს ვხედავთ, სწორედ რეკრეაციული პოტენციალის გამოყენებაში, რეკრეაციული წერტილების ათვისებაში. თუნდაც,მწვანე ტბა, ესეც ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული ტურისტული ადგილია და სწორედ ამ ადგილის განვითარებით მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს შემოსავლის წყარო“,_ამბობს მიქელაძე.
როგორც ხულოს სატყეო ადმინისტრაციის დირექტორის, რენარ ბოლქვაძის თქმით, ბუნებრივი გამწვანების ხელშეწყობაზე მუშაობა 4 წელია აქტიურად მიმდინარეობს.
„ბუნებრივი გამწვანების ხელშეწყობაზე ბოლო 4 წელია აქტიურად ვმუშაობთ. ტყის ბუნებრივად განახლების ხელშეწყობის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტის ტყის ფონდის ტერიტორიების დაახლოებით 400 ჰექტარი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ არის შემოკავებული. იქ არ ხდება საქონლის ძოვება, ადამიანების ან ტექნიკის შესვლა, რომ არ განადგურდეს. კიდევ გვაქვს დაგეგმილი მსგავსი ქმედებები სხვადასხვა ტერიტორიებზე, სადაც შეიძლება ეს ტერიტორიაც მოხვდეს და შემოვაკავოთ ეს პრობლემა“,_ამბობს მიქელაძე.
მისივე თქმით, წელს დაიგეგმება და მომავალი წლიდან აქაც დაიწყება შემოკავება. მოსახლეობა არაა იმდენად ბევრი რომ რამე პრობლემა შეიქმნას, თუნდაც ძოვების თვალსაზრისით, რადგან საქონელიც ცოტაა და აღარ ხდება ტყეში ძოვება.
როგორც ხულოს სატყეო ადმინისტრაციის დირექტორი ამბობს, აჭარის იმ რეგიონებში სადაც ტყის რესურსის დეფიციტია, მოსახლეობას შეშას ადიგენიდან და ბახმაროდან აწვდიან. „აჭარაში ტყის ინვენტარიზაცია ანუ აღრიცხვა შარშან ჩატარდა. ტყის აღრიცხვა არ ითვალისწინებს ჭრას და გათვალისწინებულია მხოლოდ ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა და მოვლა. გაუვალ ადგილებში გზები გაგვყავს, მუნიციპალიტეტს კი მოთხოვნილებიდან გამომდინარე საშეშე და სამასალე მერქანს ვაწვდით. ეს დამოკიდებულია თვითმართველობის ორგანოზე. მოთხოვნილებიდან გამომდინარე ჩვენ რა რესურსიც გვაქვს ვეხმარებით. იქ სადაც ტყის სიმცირე გვაქვს, მაგალითად, ბეშუმში, მთა ლოდისძირში, მოველაპარაკეთ ადიგენს და ბახმაროს, ჩოხატაურს და მოსახლეობის შეშით მომარაგება ხდება მეზობელი რაიონებიდან, სადაც რესურსი არსებობს“, _ამბობს ბოლქვაძე.
როგორც ცნობილია, 2015 წლის დეკემბერში გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტი გაიხსნა და სასტუმროს ტიპის 6 კოტეჯია განთავსებული.
კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს, საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი კი ზღვის დონიდან 2350 მეტრზეა, ტურისტული თვალსაზრისით განვითარება კი დღემდე გრძელდება.
როგორც შპს. „გოდერძის“ დირექტორის მოადგილე, გოჩა მელაძე ამბობს, კურორტზე 80 მილიონი ლარის ღირებულების 6 პროექტი ხორციელდება.
„გოდერძიზე საფუძველი ჩაეყარა 6 პროექტს, რომლის ღირებულებაც 80 მილიონი ლარია. სახელმწიფო ჰქმნის საინტერესო საინვესტიციო გარემოს, შუამავლის როლს ასრულებს ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ეს 6 პროექტი გახლავთ ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, 112-ის შენობის აშენება, სწრაფი კვების ობიექტები, თხილამურების გასაქირავებელი ობიექტები. თანხები გამოიყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდან და იქმნება 500 სამუშაო ადგილი“, _ ამბობს მელაძე.
მისივე თქმით, 2019 წლისთვის ხულო-გოდერძი-ზარზმას გზის მშენებლობა დასრულდება.
„საუკუნის პროექტია, მისი ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. მისი განხორციელება უკვე იგეგმება მომავალი წლის გაზაფხულიდან, პროექტი არის 2 წლიანი და უნდა დასრულდეს 2019 წლის სექტემბრისთვის. რაც შეეხება გზის მონაკვეთს არის ხულო-გოდერძი, გოდერძი-ზარზმა. ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია კურორტისთვის“, _ ამბობს მელაძე.
კურორტზე ასევე ალპური პარკი შენდება.
როგორც გოდერძის ბაღის მენეჯერი, თემურ ვასაძე ამბობს, ბაღი საბოლოოდ 10 წლის შემდეგ ჩამოყალიბდება.
„ალპური ბაღის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, ეს იქნება ეკო-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოხდება 800-მდე სახეობის მცენარის კონსერვაცია. ამჟამად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, _ ამბობს ვასაძე.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ბაღის მშენებლობისთვის 700 000 ლარია დახარჯული, პროექტის დასრულების შემდეგ კი ხარჯი 2 მილიონი ლარი იქნება.
გოდერძის ალპური ბაღის მენეჯერი ასევე ამბობს, რომ ბაღის ტერიტორიაზე 165 სახეობის მცენარე აღმოჩნდა.
„ალპურ ბაღში ბალახოვანი მცენარეების ინვენტარიზაცია უკვე დასრულდა. ტერიტორიაზე აღმოჩენილია 165 სახეობა. მომავალში აჭარის რეგიონიდან 700 სახეობის მცენარეს შემოვიტანთ, შემდეგ კი მცენარეების შემოტანას გურიიდან და სხვა რეგიონებიდანაც ვაპირებთ“, _ ამბობს ვასაძე.
როგორც ვასაძე ამბობს, ალპური ბაღი ვიზიტორებს მომავალი წლის მაისიდან მიიღებს.
„გურია ნიუსი“ გოდერძის უღელტეხილზე გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ.
]