მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ჭიაფერა, იგივე ფერაფერაა, როგორც მას იმერეთსა და გურიაში უწოდებენ. არა ერთგან, კერძო საუბარსა თუ სოციალურ ქსელში, ბოლო დროს მოიხსენიება, როგორც ანწლი. მას, ასევე, უწოდებენ მომწამვლელ მცენარეს.
მსურს, ჩვენს მკითხველს ვუამბო საკუთარი გამოცდილების შესახებ ჭიაფერასთან დაკავშირებით.
ზოგადად, ჩვენი მთა-ველები და ტყეები იმდენი უნიკალური მცენარეების თავშესაფარია, განსაკუთრებით, ბალახოვნების, ვერც დავთვლით. ჭიაფერა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ხშირად იზრდება გზისა და ტყისპირებთან, მის გამოყენებაზე კი არავინ ფიქრობს.
საკუთარი გამოცდილება გამაჩნია ბებიისგან, დედისგანაც, როცა ჭიაფერას ოჯახში მრავალნაირად იყენებდნენ და დღეს მე ვიყენებ.
წარსულიდან რაც მახსოვს, ამ მცენარის ნაყოფს კრეფდნენ და მტევნებად შეკრულს ახმობდნენ. ამისთვის დიდი შრომა არ არის საჭირო.
დღესაც ამ წესით ვსარგებლობ _ დაკრეფილი მტევნები ერთად უნდა შევკრათ და მშრალ, მზისგან დაცულ სივრცეში ჩამოვკიდოთ. ასე თანდათან გამოშრება. თუმცა, ფერს მთლიანად შეინარჩუნებს. საუკეთესოა კომბოსტოს მწნილისთვის, კულინარიაში, კრემის თუ ბისკვიტის ცომისთვის. ასევე, ენდროსთან ერთად შერეული, კვერცხის შესაღებად.
როგორ გამოვიყენოთ ჭიაფერა?
ჭიაფერას მარცვლები, უკვე დამჭკნარი, ორი სუფრის კოვზი, გამოვკრათ დოლბანდში და ვადუღოთ ერთ ლიტრ წყალში, ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ ეს წყალი, დავასხათ უკვე გამზადებულ კომბოსტოს, რომელიც დასამჟავებლად გვინდა. ხოლო მარლაში გამოკრული მასა იმავე მჟავეს დავადოთ ზემოდან და სამი დღის შემდეგ ამოვიღოთ. მჟავეს საუკეთესო ფერი ექნება, არანაირი სპეციფიური გემო არ აქვს. ასევე, საუკეთესოა კრემისთვის მკაფიო ვარდისფერის მისაცემად. სხვადასხვა სასმელის, ლიქიორის დასამზადებლად.
ჩემი გამოცდილებით რაც ვიცი, ჭიაფერას წვეთების დამზადების შესახებ, უნდა მოვიქცეთ ასე: კარგად დაჭყლეტილს, ისე, რომ თესლის წვრილი ნაწილები არ შეყვეს, მარლაში გავწურავთ. შემდეგ წამოვადუღოთ ათი წუთით, ჩავასხათ მცირე ზომის ქილაში, მოვუკრათ თავი და შევინახოთ მაცივარში. თუ შაქარს დავაყრით და მზეზე დავდგამთ, საუკეთესო ნაყენი დამზადდება. ასეთი ექსტრაქტი ხალხურ მედიცინაში კუჭ-ნაწლავის და ბუასილის სამკურნალოდ გამოიყენება.
რაც შეეხება ჭიაფერას ფოთლოვან და ასევე ნორჩ ღეროიან ნაწილს, საუკეთესო საკვები საშუალებაა შინაური ფრინველებისა და ცხოველებისთვის.
ვურჩევთ ჩვენს მეურნეებს, ვისაც საოჯახო მეურნეობა აქვს, დაკრიფონ მცენარის ფოთლები და ღეროების ის ნაწილი, რომელიც არ არის გაუხეშებული. შემდეგ მოხარშეთ და ფრინველის ან შინაური ცხოველების მომზადებულ ულუფას შეურიეთ. რაც შეეხება რაოდენობას, ჭიაფერას მასა მესამედზე მეტი არ უნდა იყოს. არასდროს მახსოვს, მისი ფესვები გამოეყენებინოთ. ბებია მიიჩნევდა, რომ ის საწამლავია.
ეს არის გამოცდილება, რაც წლების მანძილზე შევიძინე და აზრი იმის შესახებ, რომ ჭიაფერა (იგივე ფერაფერა) მომწამვლელია, არასწორია. სამედიცინო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ შხამს შეიცავს, თუმცა, ეს არ არის ის სახეობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.