რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ყოფილი უფროსის დავით კაკაბაძის განცხადებით, რადიოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა.
”მე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, რომ დარჩნენ და განაგრძონ ”რადიო თავისუფლებისთვის” მუშაობა, ეს ახლა მნიშვნელოვანია. ერთი რამ ვერ მოვახერხე, ამაზე დამეთანხმება თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე, რომლის გადაწყვეტილებასაც ძალიან დიდი პატივს ვცემ. იმედი მქონდა, ის თბილისის ბიუროში დარჩებოდა და უხელმძღვანელებდა.
სამწუხაროდ, მარინამ თქვა, რომ ამ ბიუროში მუშაობის გაგრძელება ვეღარ წარმოუდგენია. გადაწყვეტილების შესახებ კი თანამშრომლებს უკვე აცნობა” _ განაცხადა კაკაბაძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემა ”ჰეშთეგში” .
ამ საკითხზე “რადიო თავისუფლებაში” კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. მედიასთან არ კონტაქტობს მარინა ვაშაყმაძე, რომელმაც “გურია ნიუსის” ზარებს და სმს შეტყობინებებს არ უპასუხა.
ინტერნეტ გამოცემა “ნეტგაზეთის ინფორმაციით” “თავისუფლების” ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე თანამდებობიდან 30 იანვარს გაათავისუფლეს. დავით კაკაბაძე რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურს 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა.
გამოცემა წერს, რომ დავით კაკაბაძის შესაძლო განთავისუფლებაზე და “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე ინფორმაცია თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს მენეჯმენტი ქართულ სამსახურს “რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა.
სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ წინააღმდეგობის ფონზე ხელმძღვანელობა სამსახურის უფროსის, დავით კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ცდილობდა.
ამის შემდეგ რადიო “თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა განმარტება გაავრცელა, რომლითაც დადასტურდა უთანხმოება მენეჯმენტთან. მასში ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე “წითელი ზონისა” და “ინტერVIEW”-ს დახურვის შემდეგ გადაცემებისთვის ალტერნატიული არხის მოძიებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისა და სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა; უთანხმოების გადაჭრის გზად კი მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა.
ამის შემდეგ ჟურნალისტებმა საპროტესტო წერილი მისწერეს რადიოს პრეზიდენტს, რომელმაც მედიაში გაჟონა.
“რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის მხარდასაჭერად ელექტრონული პეტიციაც შეიქმნა.
“ნეტგაზეთმა” რადიოს ხელმძღვანელობისგან საპასუხო კომენტარის მოპოვება არაერთგიზს სცადა, თუმცა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ შიდა საქმეებზე კომენტარს არ გააკეთებდნენ.
„რადიო თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა სასიცოცხლო წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში და გარწმუნებთ, ასეც გაგრძელდება”, – ეწერა „რადიო თავისუფლების” სათავო ოფისიდან “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ წერილში.