პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი კომიტეტის წევრებს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატვის წესით წარდგენილ კანონპროექტს აცნობს, რომლის მიხედვით, ცვლილებები შედის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში“. როგორც სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, ანალოგიური კანონპროექტი, დაახლოებით, 7-8 თვის წინ ჰქონდა წარდგენილი, რომელიც, მისი თქმით, პარლამენტმა ჩააგდო. გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიმართა კითხვით_ იქონია თუ არა გავლენა კანონპროექტის შემუშავებაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობამ.
,,ეს კანონპროექტი ჩვენ მიერ იყო წარმოდგენილი 7-8 თვის წინ და ამბობდით, რომ ძალიან დიდი დარტყმა იქნება მიყენებული ბიუჯეტისთვის, სხვაობა იყო იმაში, რომ ჩვენ ზომიერ ფარგლებში გვინდოდა ზღვარის აწევა _ 100 000-დან 200 000 ლარამდე ბრუნვის მქონე ითვლებოდა მცირე მეწარმედ. ჩვენ ვტოვებდით მაშინ გადასახადს 3%-იანს. ეს კანონპროექტი ჩააგდო კომიტეტმა და პარლამენტმა. დღეს აღმოჩნდა, რომ თქვენ არა თუ 200 000-მდე, არამედ 500 000-მდე აწიეთ და ასე ვთქვათ, ჩვენს კანონპროექტს გაასწარით და განაკვეთიც 1%-მდე დაიყვანეთ. იმუშავა ჩვენმა აქტიურობამ? დავდიოდით სოფლებში ბაზრობებზე, ბიზნესმენებს ვხვდებოდით, ტელევიზიით ათასი სიუჟეტი გავაკეთეთ. რამ მოახდინა თქვენი გამოღვიძება _ ჩვენმა აქტიურობამ თუ სხვა მხრივ გაგინათდათ გონება?“, _მიმართა გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილს.