“2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, უპრეცედენტო მასშტაბის, 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტის გახორციელება დაიწყო, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ი “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ ეტაპზე, 2022 წელს, სააგენტომ გამოაცხადა ტენდერები 2022-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 320 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის, საჭიროების შემთხვევაში, გამაგრების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია გახორციელდება.
პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი გახორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად”, _ ასეთია მართლაც მასშტაბური პროექტის ოფიციალური, სახელისუფლებო აღწერილობა. მსგავსი პროექტები საზოგადოებას წინა ხელისუფლების დროიდანაც ახსოვს “100 ახალი სკოლა”, “სკოლების სრული ინტერნეტიზაცია და მოდიფიკაცია” და სხვა. სამწუხაროდ, გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ არათუ ასობით ახალი სკოლა არ აშენდა, ძალიან ბევრი სასკოლო შენობა, უბრალოდ, ავარიული ან გამოუსადეგარია. არც ინტერნეტიზაციის პროცესია დიდად წინ წასული.
ჩვენ უკვე გაგაცანით წლობით გაჭიანურებული სასკოლო შენობების მშენებლობის ფაქტები. ეს იმდენად ტიპიური პრობლემა გახდა, რომ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმაც აღიარა, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით:
“ზოგადად, დამკვეთის მხრიდან ხდება ხოლმე გარკვეული ვალდებულების დაგვიანებით შესრულება. ასეთი შემთხვევები ნამდვილად გვაქვს და შესაბამისად, კანონის ფარგლებში, ყველაზე მკაცრ საშუალებებს მივმართავთ, რადგან ამით მძიმედ ზიანდება სასწავლო პროცესი. ბუნებრივია, გამკაცრებულია ზედამხედველობაც, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს ვადაგადაცილებების აღმოფხვრა. ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10-12 სკოლაზე, სადაც გარკვეული ვადაგადაცილებაა. ამიტომ, შესაძლებელია, იმ სკოლებში რამდენიმე კვირით დაგვიანებით დაიწყოს სწავლა. საუბარია ორ-სამ კვირაზე. როგორც მშობლები, ასევე მასწავლებელი, სკოლა არის ინფორმირებული ამის შესახებ.
მზად ვართ, ყველანაირი დახმარება, რესურსი აღმოვუჩინოთ სკოლებს, ბავშვებს, მშობლებს, სადაც ეს უხერხულობა იქნება, მაგრამ ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული პროცესი, სხვანაირად ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ჰქვია განათლებაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. სამი-ოთხი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა საჯარო სკოლაში მოგვარებული იქნება სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხი და გათანაბრებული საერთაშორისო სტანდარტებთან”, _ განაცხადა ამილახვარმა.
“გურია ნიუსი” სასკოლო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, აშუქებს ფაქტებს, როცა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, რამდენიმე მილიონიანი ხარჯის მიუხედავად, წლებია ვერ ასრულებენ. არც კომუნიკაციის საკითხია მაინცდამაინც კარგად ორგანიზებული (მაგალითად, მაკვანეთის სკოლის ადმინისტრაცია სამუშაოთა მწარმოებლისგან იგებს, რომ სკოლის მხოლოდ ერთ სართულს გაარემონტებენ). კომუნიკაცია არც მოსახლეობასთან, მშობლებთან არსებობს; რთულად მისაგნებია, თუ ვინ ახორციელებს მრავალ მილიონიანი მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს.
FactChecK-ის მოკვლევით, “პროგრამით 80 ახალი სკოლის მშენებლობა და 720-ის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროგრამის მიმდინარეობის 1.5-წლიან პერიოდში, მხოლოდ 2 სკოლის მშენებლობა დასრულდა, 7 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, 52 სკოლა კი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზეა, რისთვისაც ექვსთვიანი პერიოდია განსაზღვრული. უშუალოდ სკოლების სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ხანგრძლივობა 2 წელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაგეგმილი სკოლების აშენებას უკეთეს შემთხვევაში, სულ მცირე 2.5 წელი დასჭირდება. თუმცა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებზე დაკვირვება ადასტურებს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში თითქმის არც ერთი პროექტი არ დასრულებულა და უმრავლეს შემთხვევაში, მშენებლობის ვადების გახანგრძლივება ხდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში 21 203 მოსწავლეა სკოლის გარეშე დარჩენილი და სხვა, ახლომდებარე სკოლებში გადანაწილებული, რაც დისკომფორტის გარდა სწავლის ხარისხზეც აისახება, რადგან გაკვეთილების ხანგრძლივობა არის შემცირებული. ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხა ბიუჯეტის დამატებითი ხარჯია”.
როგორც უკვე ვთქვით, სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის პრემიერის ინიცირებული მილიარდიანი პროგრამის დაწყებამდეც იხარჯებოდა ძალიან ბევრი ფული. ჯერ კიდეც 2020 წელს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოფიციალური ინფორმაციით იუწყებოდა, რომ “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას, რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს კი, 100 სკოლაში ახორციელებს.
2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის. 2021 წელს კი დამატებით დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7 020 ბავშვისთვის. 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგადაც 16 000 მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის.
საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორი ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მლნ ლარზე მეტია”. აქ მოხსენიებული დონორების გარდა, ბევრი სხვა ორგანიზაცია, გრანტებისა და დიდწილად _ სესხების სახით, საქართველოს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში დებდნენ თანხებს. მაგალითად, 2022 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სასესხო და საგრანტო შეთანხმებებით, ჯამში, დაახლოებით 55,4 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყო სასკოლო შენობების ენერგოეფექტურობის გასაზრდელად. აქედან, 40 მილიონ ევროს სესხის სახით გამოყოფდა რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW), ხოლო 15.35 მილიონ ევროს, გრანტის სახით _ ევროკავშირისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (EU/KfW).
შეთანხმება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და პროექტის გამახორციელებელ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (MDF) შორის გაფორმდა. სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესში, მთავარი დამკვეთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოა, ასევე, შემკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიცაა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძალიან რთულია მოქალაქემ თვალყური ადევნოს თუ საიდან და რამდენად ეფექტურად იხარჯება მილიონობით ლარი სასკოლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, მით უმეტეს, საჯარო ინფორმაციის გაძნელებული მოპოვების პირობებში. ამ მასალის მომზადების დროსაც ძალიან გაგვიჭირდა საჯარო ინფორმაციის მიღება, რესპონდენტების მოძიება, საზოგადოების ჩართულობის დადგენა. მაგალითად, ისტორიულ სოფელ ნაგომარში, არავინ იცის როდის და რა ფორმით გაუმჯობესდება სოფელში არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურა.
გურიელების საზაფხულო რეზიდენციის _ ნაგომრის ცენტრი, საბჭოთა ხელისუფლების დროს, გაშენდა როგორც ერთიანი არქიტექტურული ანსამბლი, რომელშიც ადმინისტრაციული შენობა, სკოლის და კულტურის სახლის შენობები შედის. საინტერესო და რაც მთავარია, უკვე იშვიათობად ქცეული ამ პერიოდის ისტორიული ანსამბლის ნაწილი _ ადმინისტრაციული შენობა, 2021 წლის ზაფხულში, გვიან ღამით დაიწვა. ხანძარი ადგილობრივმა მცხოვრებმა გვიან შენიშნა. მასში ამბულატორია და საბავშვო ბაღიც იყო განთავსებული.
ნაგომრის საჯარო სკოლა
ნაგომრის მოსახლეობის სურვილია, შენარჩუნდეს ამ კომპლექსის ერთიანობა და არ დაირღვეს ვიზუალური მთლიანობა. როგორც კი სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებაზე დაიწყო “ჩურჩულები”, შენობის ვიზუალის შენარჩუნება მთავარი საწუხარი გახდა.
_ სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლის ირგვლივ, რთული ვითარებაა. როგორც ვიცით, გადაწყვეტილი არაფერია: დაანგრევენ, გაარემონტებენ _ არაფერი ვიცით; ან ამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ამდენ ხანში ერთი და გარკვეული პასუხი როგორ ვერ დადო?! _ გვეუბნებიან ადგილობრივები პირად საუბრებში.
სკოლის დირექტორი, ნოდარ წიტაიშვილი, “გურია ნიუსთან” ასეთ კომენტარს აკეთებს:
“დიახ, ადგილობრივთა აზრი ასეთია და იგივე აზრი გვაქვს ჩვენც, პედაგოგთა კოლექტივს, მოსწავლეებს თუ მათ მშობლებს. მთელ სოფელს უნდა, რომ სკოლა თუ გარემონტდება ან თუ უვარგისია და დემონტაჟი მოხდება, ისევ ისეთი იყოს და ნაგომრის ცენტრს ტრადიციულად ამშვენებდეს ის არაჩვეულებრივი ხედი, რაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აქვს და განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. თუ ახალი უნდა აშენდეს, როგორმე უნდა მოერგოს ამ სივრცეს”.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნა სამჯერ დაიწერა, თუმცა, საბოლოო დასკვნა ისევ არ არსებობს და კვლავ ელოდებიან:
_ მე ვენდობი ამ დასკვნას, რომელსაც ველოდებით. საკმაოდ გაჭიანურდა და ეტყობა, არ მოხერხდა მეტნაირად, _ ამბობს წიტაიშვილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ნაგომარში მიხეილ ცქიტიშვილი ამბობს, რომ ტენდერი დასრულებულია, თუმცა რის შესახებ იყო გამოცხადებული ეს ტენდერი, არ იცის:
“ტენდერი დასრულებულია. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი ჩემთვის შენობის დანგრევა მოხდება თუ არა. სამინისტროში იყო შეხვედრა და მიდის ამ საკითხზე მუშაობა. სკოლის დირექტორს ეცოდინება დეტალები და ზუსტი ინფორმაცია. ამ ეტაპზე ბავშვები ძიმითის საჯარო სკოლაში დადიან. “რაფს” მიჰყავს და მოჰყავს”, _ ამბობს მიხეილ ცქიტიშვილი.
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს ძიმითი-ნაგომარი-ასკანიდან ტიტე მგელაძეს კიდევ უფრო მწირი ინფორმაცია აქვს:
“როგორც ვიცი, ტენდერთან დაკავშირებულმა პროცესებმა შეუშალა ხელი სარემონტო სამუშაოების დაწყებას. ასევე, საბოლოო დასკვნა არ არის სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა მოხდეს თუ სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ყველაფერი წლის ბოლომდე გაირკვევა და ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს მოგვარდება.
ჩვენ დავუკავშირდით სამხარაულის ბიუროს პრესსამსახურს ზემოთ ხსენებული დასკვნის შესახებ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პრესსამსახურის უფროსის ეკა ჭუმბურიძის თქმით, “აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომელიც დასრულდება უახლოეს პერიოდში. დასკვნა გადაეცემა დამნიშნავს”.
ანუ ცხადად ჩანს, რომ ექსპერტიზა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და არავინ იცის, სკოლის შენობა აღდგენას ექვემდებარება თუ დასანგრევია. დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ შევძელით გვეპოვა, თუ რა სახის ტენდერი გამოცხადდა, თანაც ისე, რომ ჯერ დასკვნაც არ არსებობს შენობა სარეაბილიტაციოა თუ ხელახლა ასაშენებელი. ამის მიუხედავად, რამდენიმე წყარო პირად საუბრებში გვეუბნება, რომ ტენდერში გამარჯვებული შპს “საბა კონსტრაქშენია”.
რადგანაც უმეტეს შემთხვევაში დამკვეთი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოა, ცხადია, “გურია ნიუსი” სააგენტოს დაუკავშირდა და შემდეგი კითხვებით მიმართა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება თუ შენობის დემონტაჟი და რამდენი მილიონი ლარია გამოყოფილი ნაგომრის სკოლისთვის. სააგენტოში პასუხის ნაცვლად, მიგვითითეს, რომ საჯარო ინფორმაცია წერილობით გამოგვეთხოვა. თუ როგორია დღეს საქართველოში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით მდგომარეობა, ძალიან მალე გიამბობთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს თვეობით გრძელდება და სრულ ინფორმაციას თითქმის ვერასდროს ვიღებთ. ამის მიუხედავად, მიმართვა მაინც გავაგზავნეთ და პასუხს, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ჩვენ ასევე დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ქეთევან ხომერიკს, თუმცა, მან ჩვენს ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.
“გურია ნიუსი”, სტატიის გამოქვეყნებამდე, კიდევ ერთხელ დაუკავშირდა სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლის დირექტორს ნოდარ წიტაიშვილს. გვაინტერესებდა, ხომ არ გაირკვა რამე დამატებით. მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის ახალი არაფერია ცნობილი:
“დეკემბრის დასაწყისში იყვნენ სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები და ველოდებით დასკვნას. ყველანი ამ დასკვნას ველოდებით, რომ საბოლოოდ გაირკვეს, შენობის დანგრევა მოხდება თუ გარემონტება”.
ნაგომრის საჯარო სკოლის მოსწავლეები კი, სექტემბრიდან სწავლა-განათლებას ძიმითის საჯარო სკოლაში იღებენ. ნაგომრის საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ძიმითში მის მოსწავლეებს ძალიან თბილი და შინაურული გარემო დაახვედრეს. ამის მიუხედავად, როგორც ჩვენთვის ცნობილი, “ლტოლვილ” მოსწავლეებს მაინც დიდი პრობლემა გაუჩნდათ _ დიდებსაც და პატარებსაც ერთი ავტომანქანა ემსახურებათ. წიტაიშვილი ამბობს, რომ იანვრიდან შუადღის რეისიც დაინიშნება და მოსწავლეებს გაუადვილდებათ სკოლაში სიარული:
_ აქამდე დღის სამის ნახევრიდან , საღამოს 7 საათამდეა სწავლა. ერთ ტრანსპორტს უცდიან დაწყებითი კლასების მოსწავლეებიც. ზოგი მშობლებს გადაჰყავს და გადმოჰყავს მანქანით. ახალი წლიდან კი, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ცალკე წავა ტრანსპორტი და 6 საათამდე დაბრუნდებიან შინ, ლოდინი არ მოუწევთ, _ ამბობს სკოლის დირექტორი.
ტრანსპორტის საკითხის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნაგომრელ ბავშვებს მშობლიურ სკოლაში დაბრუნება არც ისე ჩქარა მოუწევთ; უკეთეს შემთხვევაში, საქართველოში რეაბილიტაცია-მშენებლობის ვადად საშუალოდ, 2 -2.5 წელი ითვლება, თანაც გრაფიკის მიხედვით არასდროს სრულდება. ნაგომარში კი, ჯერ კიდევ “ყუფარაძის დასკვნას” ელოდებიან.
ასევე, გაურკვეველია როდის დაუბრუნდებიან მოსწავლეები ანასეულში, მშობლიურ #5-ე საჯარო სკოლას. პროცესი გააჭიანურა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა: 2023 წლის 5 თებერვალს, ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ შენობის დემონტაჟი დაიწყო, 6 თებერვალს კი სახურავიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ტრაგედიას შემსრულებლის დისკვალიფიკაცია და ტენდერის ხელახლა გამოცხადება მოჰყვა.
ქეთევან ქადეიშვილი, ოზურგეთს #5 საჯარო სკოლის დირექტორი:
“მე ის შემიძლია გითხრათ, რომ მეორედ გამოცხადდა აუქციონი, რათა შენობის დემონტაჟი მომხდარიყო. პირველად რაც მოხდა, ყველამ იცის _ ადამიანი დაიღუპა . ძალიან უპასუხისმგებლო კომპანია იყო, როგორც მახსოვს, “ვაჟა მჭედლიძე”, სახელიც ასეთი ჰქონდა… იმდენად უხარისხოდ დაიწყეს მუშაობა და უპასუხისმგებლოდ, რომ ეზოში მოძრაობისას, ტრაქტორით წყალგაყვანილობის სისტემა დააზიანეს. თავის დროზე არ უთქვამთ და წყალმა როგორღაც სიღრმეში ისე მოახერხა კარგვა, უცებ ვერავინ შენიშნა. მერე კი, მათი იქ ყოფნის პერიოდის კალენდარულ დროში, წყალმომარაგების კომპანიიდან 3 400 ლარი მოგვივიდა გადასახადი. არაერთხელ ვაცნობეთ, თუმცა, უშედეგოდ! სად ნახულობენ ასეთ კომპანიებს, არ ვიცი! არც ის ვიცი, როგორ უნდა გადავიხადოთ ამდენი თანხა! ეს ყურადღების მიღმა დასატოვებელი არ არის, თუმცა, რას მოთხოვ ისეთ ხელმძღვანელს, რომელიც თავისი რაიონიდან ჩამოყვანილი მუშის სიცოცხლეს ვერ გაუფრთხილდა?! ელემენტარული უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული და სავალალო შედეგი დადგა”, _ ამბობს ქალბატონი ქეთევანი.
რაც შეეხება მშენებლობის საკითხს, მან გვითხრა, რომ ჯერ შენობის ნგრევის პროცესია და არ იციან, როდის დაიწყება მშენებლობა.
“ჩვენი მდგომარეობა კარგი იმითაა, რომ ლიხაურის სკოლაში დროებით გადასვლის შემდეგ, პირველ ცვლაში გვიწევს ყოფნა. საბედნიეროდ, აღმოაჩნდათ ფართი. საოცრად მიგვიღეს და საუკეთესო ნაბიჯი აღმოჩნდა ბავშვების უკეთ დაახლოებისთვის”, _ გვითხრა ქეთევან ქადეიშვილმა.
ანასეულში მიმდინარეობს #5 საჯარო სკოლის მშენებლობა
დღეისთვის აღნიშნული სკოლის 90 მოსწავლე დროებით არის შეფარებული ლიხაურის საჯარო სკოლას. გადაადგილებისთვის მათ ტრანსპორტი ემსახურებათ.
ქეთევან ქადეიშვილმა გვითხრა, რომ ადრინდელი სკოლის შენობა 250 ბავშვზე იყო გათვლილი, ახლა კი კონტინგენტის შემცირების გამო, უფრო კომპაქტურ შენობას ააშენებენ:
“შემოგვთავაზეს, რომ 120 ბავშვზე გავაკეთებთ გათვლასო”, _ გვითხრა მან.
1 დეკემბრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში.
“შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და 15 თვეში უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე, ლაითურის საჯარო სკოლაში ვაგრძელებთ სწავლას”, _ გვითხრა სკოლის დირექტორმა მედეა ობოლაძემ. მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოებს შპს “ქრეათივ იმფრეშენს კავკასუსი” (იგივე “სი აი სი ჯგუფი”) ასრულებს.
ინფოგრაფიკა მომზადებულია
“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მონაცემებზე დაყრდნობით
კომპანია, ბათუმში, ერას ქუჩაზეა რეგისტრირებული და Companyinfo-ს მიხედვით, 100% წილის მფლობელი და დირექტორი სულხან გოგიბერიძეა., დამკვეთი გახლავთ სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი”, პროექტის საკონტრაქტო ფასი კი 6, 501, 300.00 ლარს შეადგენს.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაშიც. ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა “საბა კონსტრაქშენი”. დამკვეთი სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” გახლავთ და პროექტის საკონტრაქტო ფასი 4,224,938 ლარს შეადგენს.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც 42 საჯარო და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, მიმდინარე სასწავლო წელს დაგეგმილია 5 ახალი სკოლის მშენებლობა – დაბა ურეკი(დასრულების სტადიაშია), სოფელ ჯუმათში(მიმდინარეობს ძველი შენობის დემონტაჟი), ქალაქ ოზურგეთის #5 საჯარო სკოლა(დასრულებულია ძველი შენობის დემონტაჟი), სოფელ მზიანის დაწყებითი სკოლა(დასრულებულია ძველი შენობის დემონტაჟი), სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლა(გამოცხადებულია ძველი შენობის დემონტაჟის აუქციონი). ამ სასწავლო წლის განმავლობაში სამუშაოები უნდა დაიწყოს სოფელ მაკვანეთის, ქალაქის #3 , ქალაქის #2, ქალაქის #4, სოფელ მელექედურის, სოფელ ნაგომრის, სოფელ ქვემო ნატანების, სოფელ მთისპირის საჯარო სკოლებში. ამავე სასწავლო წელს ახალი სკოლის მშენებლობის დაწყებას ველოდებით სოფელ ასკანაში”.
როგორც ხედავთ, სასკოლო ინფრასტრუქტურის გასაახლებლად, ჩვენი ბიუჯეტიდან, დონორების გრანტებიდან და სესხებიდან მილიონები იხარჯება. ხარისხი, თანხების მიზნობრივი და ყაირათიანი ხარჯვა, საშვილიშვილო შენება ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია წამოწყებული საქმის დროულად დასრულება _ ბავშვობა, სკოლის წლები მალე გადის და საღამოს 6-7 საათზე სკოლიდან სახლში დაბრუნებული მოზარდისთვის ხარისხიანი განათლების მიღება, დამატებითი უნარების გაუმჯობესება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
თუ რა გავლენას ახდენს გაჭიანურებული “ლტოლვილობა” მოზარდების განათლების ხარისხზე, “გურია ნიუსის” კითხვას თათია მგელაძე, განათლების სპეციალისტი ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირიდან”” ასე პასუხობს:
“სასწავლო გარემო, სწავლების ფორმატი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც გავლენას ახდენს განათლების ხარისხზე. რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მიმართულებით ჩატარებულ არა ერთ კვლევაზე, ბოლო პერიოდში მიღებულ გამოცდილებასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ; ახლახან გამოქვეყნებული საერთაშორისო კვლევის PIZA 2022-ის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, პანდემიის პირობებში, დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის გადატანის გამო, შემცირდა არაერთი ქვეყნის მოსწავლეთა შედეგები. ეს იყო და რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემისთვისაც. ხარისხიანი სასწავლო პროცესის გარდა, პრობლემაა მოსწავლეების ხელმისაწვდომობა ინტერნეტსა და შესაბამის ტექნიკურ მოწყობილობებზე. ეს კომპონენტები მნიშვნელოვანია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის, რომელთა სკოლის შენობაც რეაბილიტაციაში იმყოფება, რადგან სასწავლო პროცესი ჰიბრიდულად ან სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. – აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლები, რომლებიც ახლო მდებარე, მეზობელი თემის სკოლის შენობებში არიან გადანაწილებული სასწავლო პროცესს დღის მეორე ნახევარში, ძირითადად 14:00 საათის შემდეგ იწყებენ. ეს პრობლემას ქმნის როგორც მოსწავლის მოტივაციის, ისე ტრანსპორტირების კუთხითაც. მართალია, სკოლებს ემსახურეთ სამარშრუტო ტაქსები, მაგრამ, შესაძლოა, ყველა მოსწავლის უზრუნველყოფა ვერ ხერხდებოდეს. ზამთრის პერიოდში, მაშინ, როცა ადრე ღამდება, სხვა ფაქტორებიც ხდება პრობლემა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოზარდებს ეზღუდებათ დამატებით წრეებში გაერთიანების შესაძლებლობაც. ეს იქნება სპორტული, სახელოვნებო თუ სხვა ტიპის არაფორმალური განათლების ცენტრი. ერთი სიტყვით, მძიმე მდგომარეობა იქმნება, რომელიც ცხადია, გავლენას ახდენს მოსწავლეების მოტივაციაზე სწავლის მიმართ, მოტივაციის კლებას კი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს თავად სწავლის შედეგებზე. გასული 2 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” წარმომადგენლები აქტიურად ადვოკატირებდნენ ამ საკითხს, რადგან სხვადასხვა სკოლაში არაერთი წლით გახანგრძლივდა სარეაბილიტაციო პროცესი. სამწუხაროდ, კონკრეტული გეგმა და ვადები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით იმ სკოლებში, სადაც ეს პროცესი გაჭიანურდა, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა”.
ლისა კოროშინაძე
გიორგი გირკელიძე
მარინა ჩიხლაძე