რამდენად ჯანსაღი და სასარგებლოა ის პროდუქცია, რომელსაც დახლებზე ვაწყდებით და ვყიდულობთ, როგორც რძის პროდუქტებს. ამ საკითხზე “ბანკები და ფინანსები” ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ ანალიტიკოსი, თამარ გობეჯიშვილი განმარტავს, მიუხედავად კანონის გამკაცრებისა, კვლევის შედეგებში მაინც აღმოჩნდა მცირე დარღვევები, როდესაც შეუსაბამობა იყო პროდუქტის სახელწოდებასა და შემადგენლობას შორის. მისი განცხადებით, მთავარი პრობლემა ბაზრის ამ სექტორში კვლავ მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვაა.
“2015 წელს საქართველოს მთავრობის 152–ე დადგენილებით დამტკიცდა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რის მიხედვითაც, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, იკრძალება რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება. ეს რეგულაცია საკმაოდ დადებითია თავისი იდეით, თუმცა, რეალურად პრობლემა არის ის, რომ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად შეუძლებელია პროდუქტში რძის ფხვნილის შემცველობის აღმოჩენა. შესაბამისად, მომხმარებლები კვლავაც მწარმოებლების კეთილსინდისიერების იმედზე რჩებიან. 2017 წელს დაემატა ყველის რეგულაციებიც, რომელზე დაყრდნობითაც, ყველის დამზადება რძის ფხვნილისგანაც არ არის რეკომენდებული.
ზოგადად დღეს ბაზარზე გვაქვს ორი სახის პროდუქტი, ერთი არის რძის პროდუქტი, რომელსაც შეფუთვაზე აწერია რძის პროდუქტი, ხოლო მეორე არის რძის პროდუქტების მსგავსი ნაწარმი იგივე არაჟანი, კარაქი,მაწონი, რომელსაც შეფუთვაზე არ უნდა ეწეროს რძის პროდუქტი რადგან მათში ძირითადად არაა 100% რძის ცხიმი გამოყენებული. მთავარი პრობლემა ბაზრის ამ სექტორში მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა, მათ უნდა იცოდნენ რა პროდუქციას მოიხმარენ და არის თუ არა ეს პროდუქტი 100%-ით ნატურალური, შესაბამისად მხოლოდ იმიტომ, რომ გარეგნული მახასიათებლებით სპრედი ჰგავს კარაქს არ შეიძლება ეს მომხმარებლებზე გასაღდეს როგორც კარაქი’’, – განაცხადა თამარ გობეჯიშვილმა.
მისივე თქმით, რძის ფხვნილზე ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურია, რადგან რეალურად იგი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში რძის ფხვნილის წილი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მართალია, მისგან მიღებული ნაწარმი მავნე არ არის, თუმცა არც სასარგებლოა.
როცა ეტიკეტი მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევს, ამას საკმაოდ დიდ პრობლემად თვლიან სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში. ამასთან, როგორც თამარ გობეჯიშვილმა განაცხადა ვითარება გარკვეულწილად გაუმჯობესებულია, მაგრამ მაინც რჩება რიგი პრობლემები. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია ასაწონი რძის პროდუქტების შეძენის დროს არ ირღვეოდეს მომხმარებელთა უფლებები და მათ შეეძლოთ პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.
წყარო imedinews.ge