თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ინფორმაციას აქვეყნებს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი მოადგილეების თვიური ანაზღაურების შესახებ.
ინსტიტუტის ცნობით, გასულ წელს შინაგან საქმეთა მინისტრის საშუალო თვიური ანაზღაურება 6321 ლარი იყო; მისი მოადგილეების კი _ 11 550 ლარი.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 7 966 ლარი; ხოლო უწყების ხელმძღვანელის ანაზღაურებამ 6 250 ლარი შეადგინა.
შედარებით მცირედით განსხვავდებოდა მინისტრისა და მისი მოადგილეების ანაზღაურება ეკონომიკის სამინისტროში. კერძოდ, მინისტრის საშუალო თვიური ანაზღაურება 2016 წელს 6 250 ათასი ლარი. მოადგილეების კი – 6 738 ლარი იყო.
კვლევაში მოხვდა ასევე იუსტიციის სამინისტროც, სადაც მინისტრის ანაზღაურებამ 6 250 ლარი შეადგინა, მისი მოადგილეების შემთხვევაში კი ეს ციფრი – 7 109 ლარი იყო.
ამასთან, კვლევაში შედარებულია მინისტრების წლიური ანაზღაურება 2011 და 2016 წლებში. კერძოდ, IDFI-ს ცნობით, თუ 2011 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის წლიურმა ანაზღაურებამ 121 400 ლარი შეადგინა, 2016 წელს ეს ციფრი 75 ათასი იყო; იუსტიციის მინისტრის ანაზღაურება 2011 წელს 42 480 ლარი იყო, მაშინ როცა გასულ წელს აღნიშნულ პოსტზე წლიური ანაზღაურება 75 000 ლარი იყო.
კვლევის ფარგლებში შედარებულია ენერგეტიკისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრების ანაზღაურებაც. კერძოდ, თუ 2011 წელს ლტოლვილთა მინისტრის წლიურმა ანაზღაურებამ 89 750 ლარი შეადგინა, 2015 წელს ეს ციფრი 75 000 ლარი იყო. რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრს, 2011 წელს ამ პოსტზე წლიური ანაზღაურება 105 532 ლარი იყო, 2013 წელს ენერგეტიკის მინისტრის წლიურმა ანაზღაურებამ 90 165 ლარი შეადგინა.