საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც ამ თამაშის მიმართ გულგრილი იქნება.
ჩვენი დღევანდელი სტუმრები გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელები იქნებიან მკითხველებისთვის საკუთარი სპორტული კარიერის ნაკლებად ცნობილ ამბებით.
ბორის პაიჭაძე
..რაც დრო გადიოდა, დინამოელები სულ უფრო პოპულარულები ვხდებოდით. ახალგაზრდები ვიყავით და სახელ-დიდების გაძლება, რა დასამალია და, გვიჭირდა. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთ მშვენიერ დღეს შურა დოროხოვს ვარჯიშზე ეტლით მისვლა მოუნდა. თბილისის უკანასკნელი მეეტლეები მაშინ კინო „ოქტომბერთან” იკრიბებოდნენ. მოკლედ, მივიდა ჩვენი შურა და ეუბნება, ფული არ მაქვს, წამიყვანე და ადგილზე გადაგიხდიო. მეეტლემ იუარა. შურამ არ დაიხია, ესა და ეს ვარ, „დინამოში” ვთამაშობო… საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გაბრაზებულმა მეეტლემ მათრახი გადაუჭირა. შურამ ორი დღე ვერ ივარჯიშა – ავადმყოფობა მოიმიზეზა!
ისეთ მატჩებს, როგორიც „დინამოს” და ბასკეთის ნაკრების დაპირისპირება იყო, არავინ ივიწყებს, ასეთი შეხვედრები იმთავითვე ისტორიის კუთვნილება ხდება! ბასკები შესანიშნავი ბიჭები იყვნენ, ნამდვილი მებრძოლები! ახლაც თვალწინ მიდგას ისიდრო ლანგარას სახე და ყურში ჩამესმის მისი სიტყვები, რომელიც ფუნიკულიორის პლატოზე მდგარმა მითხრა: თბილისი ძალიან ჰგავს ჩვენს ბილბაოსო…
თამაშის შემდეგ დინამოელებმა სტუმრებს რესტორან „ორიანტში” ვუმასპინძლეთ. შუა ქეიფის დროს რომელიღაც ჩვენიანმა „სულიკო” წამოიწყო, ბასკები კი, ჩვენდა გასაკვირად, მას სასიამოვნოდ აჰყვნენ. დიდებული საღამო იყო! მერე გვითხრეს, რომ სტუმრებს „სულიკო” არაერთხელ უმღერიათ მოსკოვსა და ლენინგრადში.
ვლადიმერ ბარქაია
საიდან გაჩნდა ჩემი მეტსახელი? „სიომა” ჩემი ცხვირის ფორმის გამო გაგრაში შემარქვა მეზობელმა, ვოვა ლებედევმა. როცა თბილისში ჩამოვედი, უკვე ყველა ამ მეტსახელით მიცნობდა. „სიომას” ფეხბურთთან არავითარი კავშირის არ აქვს, სამაგიეროდ, მეორე მეტსახელი – „სტალიჩნი”, რომელსაც მხოლოდ მეგობრები და ძალიან ახლობლები მეძახდნენ, ფეხბურთთან პირდაპირ კავშირშია. მოსკოვში ყოველთვის კარგად ვთამაშობდი, გოლებიც ხშირად გამქონდა და… 1959 წლის 25 ივლისს მოსკოვში „სპარტაკს” 5:4 მოვუგეთ. მე ჰეთ-თრიქი შევასრულე. ჰოდა, სწორედ იმ თამაშის შემდეგ შემარქვეს თანაგუნდელებმა „სტალიჩნი”.
მაყურებელთა რეაქცია ყოველთვის მოქმედებდა ჩემზე და ალბათ, მთლიანად გუნდზეც. იყო შემთხვევა, წაგების შემდეგ ტაშითაც გავუცილებივართ ქომაგებს, მაგრამ გვქონია მატჩები, როცა მოგებულები ვტოვებდით მინდორს, მაგრამ ხალხი სტვენით გვაცილებდა. ერთ ისტორიას მოგიყვებით: მორიგი თბილისური მატჩის შემდეგ, რომელშიც გივი ჩოხელმა არცთუ კარგად ითამაშა, მთხოვა მამაჩემი სახლში წაიყვანეო. ჩავისვი ბატონი დიმიტრი მანქანაში და ეს მოქეიფე, ორმეტრიანი კახელი კაცი გზაში მეუბნება: შენ ძმაკაცს უთხარი, ფეხბურთს თავი დაანებოსო. რატომ-მეთქი, ვკითხე. კაცო, ერთი ცოლი მყავს და დღეს მთელმა სტადიონმა გინებით ზედ გადაუარაო”
გიორგი სიჭინავა
“1965 წელს მეორედ მომისაჯეს სამუდამო დისკვალიფიკაცია – ამჯერად ფეხბურთში: ბაქოში ვთამაშობდით და ერთ მომენტში მარქაროვი წავაქციე. არც არაფერი, მაგრამ მან სიმულანტობა დაიწყო. ავდექი და მწარედ შევაგინე. ამ დროს მსაჯი მომვარდა და ყვითელ ბარათს მიჩვენებს, მარქაროვმა კიდე, თქვენ გაგინებდათო, უთხრა! მოკლედ, ახლა მსაჯს დავუწყე კამათი, ისე მომეშალა ნერვები, მუცელში ხელი წავავლე და წითელიც ამიფრიალა. თბილისში მატარებლით დავბრუნდით და სადგურზევე ამიყვანა ორმა კაგებეშნიკმა – ჩვენთან უნდა წამობრძანდეთო და პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმიყვანეს. შევარდნაძე იყო მაშინ მინისტრი – კაბინეტში შესულმა ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა და მორალის კითხვა დამიწყო… ბოლოს მითხრა, 58-ე მუხლის მიხედვით დაისჯებიო – საბჭოთა ხალხის მტრად მაქციეს!
ბიჭები ჯერ გაურკვევლობაში იყვნენ, მერე კი შოთა იამანიძე, როგორც გუნდის კაპიტანი, შევარდნაძესთან შევიდა და საქმეში გარკვევა სთხოვა. შემდეგ „ზემოდანაც” ჩაერივნენ სხვები და… მოკლედ, ციხის ნაცვლად შინაგანი ჯარების მერვე პოლკში გამიშვეს სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. იქ რა გამაჩერებდა?! ერთ დღეს გამოვიპარე და ცოტა ხანს თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი.
ვინ გადამარჩინა? ნიკოლაი მოროზოვმა! სპეციალურად ჩემს გამო ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან ვასილ მჟავანაძესთან შევიდა და უთხრა, ეგ ბიჭი საბჭოთა სპორტს და ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდებაო და თავდებში დამიდგა. მახსოვს, გაზეთ „ლელოში” ვიღაცას ჩემს ნაცვლად დააწერინეს გულისამაჩუყებელი წერილი: ვითომ ვინანიებდი, დავაშავე და მაპატიეთ-მეთქი… წლების მერე შევიტყვე, რომ შევარდნაძე დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ჩემს შეწყალებას.
დისკვალიფიკაციის შემდეგ ნაკრებში დამაბრუნეს და ჩემი თავი ვალერა ვორონინს ჩააბარეს, როგორც კომორგს – მას ჩემ „აღზრდაზე” უნდა ეზრუნა! შეკრებებზე მასთან ერთად ვცხოვრობდი. მალე მივხვდი, რომ ჩემზე უარესი ყოფილა: 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ ინგლისში და ერთხელაც მეუბნება, წამო კაზინოში წავიდეთო! მისი მაშინდელი „დარიგება” არასდროს დამავიწყდება: „დაიმახსოვრე, ყველა სასტუმროში პირველი რაც უნდა გააკეთო, სათადარიგო შემოსასვლელი უნდა მოძებნოო”!
ილია დათუნაშვილი
“1966 წელს ერევნის „არარატთან” 23 წუთში 5 გოლი გავიტანე. მეექვსე ბურთის შეგდებაც შემეძლო, მაგრამ ალექსი ილიადმა არ მაცალა და ბურთი ძელს მოარტყა. ვუსაყვედურე, ეს რა გააკეთე-მეთქი, ის კი გაბრაზებული მომიტრიალდა და მითხრა: აბა, მარტო შენ უნდა გაიტანოო?
ამ 5 გოლის შემდეგ გულშემატკივრები ათასნაირად ხუმრობდნენ. მახსოვს, ჩემი ძმაკაცები თბილისელი სომხების ოჯახებში რეკავდნენ და აშაყირებდნენ: ალო, დათუნაშვილის ბინააო? რამდენიმე მეგობარმა მითხრა, ერევანში ჭირვეულ ბავშვებს შენით აშინებდნენ: დაიძინე, თორემ დათუნაშვილი მოვაო.
ერთმა მითხრა შენი ფოტო ერევნის ტირში ვნახეო. არ დავიჯერე, ტყუილია-მეთქი, მაგრამ მალე ჩემი მეზობელი ჩამოვიდა ჯარიდან, ლენინაკანში მსახურობდა და მითხრა, ეგრეა, მეც შევესწარი როგორ „დაგხვრიტესო”.
„არარატთან” ის მატჩი რომ დამთავრდა, გასახდელში „დინამოს” საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ დიდიძე შემოვიდა, ჩაიცვი, მინისტრი გელოდებაო. გადავიცვი და გარეთ გავედი: შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, მისი მოადგილე ვარლამ შადური და ქალაქის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი კონსტანტინე კეთილაძე დამხვდნენ. მცირე ხანს ვისაუბრეთ, ბოლოს კი შევარდნაძემ ხელქვეითებს სიცილით უთხრა: რამდენიმე დღით დათუნაშვილის სახლთან დაცვა დააყენეთ, სომხებმა არაფერი უყონო”.
ვლადიმერ გუცაევი
“ძალიან მწყდება გული, რომ ქართველ გულშემატკივარს „დინამოს” თამაში მადრიდის ოთხთა ტურნირზე არ უნახავს, არადა, ჩვენ ორივე მატჩში შესანიშნავად ვიასპარეზეთ. მახსოვს, დელეგაციაში ოპერატორებიც იყვნენ, მაგრამ „რეალთან” და „ბაიერნთან” თამაშის კადრები რატომ არ ჩანს აქამდე, ვერ ვხვდები… მე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, არადა, იქ კარლ-ჰაინც რუმენიგე, პაულ ბრაიტნერი, კარლოს სანტილიანა, ხუანიტო, ხოსე ანტონიო კამაჩო და სხვებიც თამაშოდნენ. თუ არ ვცდები, იმ „რეალის” ნახევარდაცვაში ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკეც ირიცხებოდა.
ტურნირის მეორე დღეს ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელებს ერთ-ერთი ესპანური კლუბის მესვეურები ესტუმრნენ და ჩემი დათმობა სთხოვეს. ნუ, გარიგება რომ არ შედგებოდა, ეს ვიცოდი, მაგრამ პასუხმა გამაოგნა: „საბჭოთა სპორტსმენს ვლადიმერ გუცაევს თქვენი კონტრაქტი არ სჭირდება. მას ყველაფერი აქვს: ბინაც და თვით „ვოლგაც”!” როგორია? ესპანელებს უკითხავთ, გვესმის, რომ ის კარგ პირობებშია, ბინაც გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა” რა მანქანაა ასეთიო… ამ სიტყვებს ომარ სიამაშვილიც დაგიდასტურებთ, მაშინ ის პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი იყო და მადრიდში გვახლდა.
ბევრს ჰგონია, რომ „ის” „ვოლგები” თასების თასის მოგების შემდეგ დაგვირიგეს, მაგრამ ასე არ მომხდარა. უბრალოდ, ედუარდ შევარდნაძის საგანგებო ბრძანებით, დინამოელებს მანქანების ურიგოდ გამოყვანის უფლება მოგვცეს. 16200 მანეთი ღირდა მაშინ საბჭოეთის ნომერ პირველი ავტო.
თასების თასის მოგების შემდეგ სამჯერ ავიღეთ პრემია: გერმანიაში 150-150 მარკა დაგვირიგეს, თბილისში დაბრუნებულები კი სპორტსაზოგადოება „დინამოს” რესპუბლიკურმა სამმართველომ 300, ხოლო საკავშირომ 700 მანეთით გაგვახარა”.