ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის ოჯახი ფეიბუქზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც კატეგორიულად უარყოფს დაკრძალვის თარიღის გადაწევას წესის არ აგების გამო.
„პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს, განვმარტოთ შემდეგი:
გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისთვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს.
ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები.
გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისთვის. მიცვალებულის სულისთვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი.
გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.
გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ,,გირჩის,, მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებების“, _წერს სოციალურ ქსელში შორენა ჩახვაძე.