კიბერთავდასხმამ, რომელიც პარასკევს 150-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა ხელისუფლებებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, _ აღნიშნული განცხადება BBC-ის ინფორმაციით, MICROSOFT-ის პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა გააკეთა.
მან ასევე ხელისუფლებები პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემების შენახვის მოწყვლადობაში დაადანაშაულა, რის გამოც, ჰაკერებმა მათი მოპარვა შეძლეს.
მისივე განცხადებით, ამ უახლოეს ვირუსს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახური იძიებს.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ვირუსით 200 000-ზე მეტი კომპიუტერია დაზარალებული.
როგორც ცნობილია, ვირუსი ერთი კომპიუტერიდან იმართება და სხვებზე სწრაფად ვრცელდება, გარდა ამისა, ის მომხმარებლის ფაილებზე კონტროლს ამყარებს და მათზე ხელმისაწვდომობის აღსადგენად 300 დოლარის გადახდას ითხოვს. სამ დღეში ჰაკერებისთვის ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში ღირებულება ორმაგდება, შვიდი დღის შემდეგ კი თუ თანხა გადახდილი არ არის, ფაილი იშლება.
სმიტის განცხადებით, მომხმარებლები სისტემის განახლების გარეშე თავს ვერ დაიცავენ.
„კიბერკრიმინალები უფრო დახვეწილები გახდნენ. მომხმარებლისთვის არ არსებობს გზა, რომ თავი დაიცვან საფრთხეებისგან თუ არ განაახლებენ სისტემას“,_განაცხადა სმიტმა.
როგორც MICROSOFT აცხადებს, მან WINDOWS-ის სისტემის უსაფრთხოება მარტში განაახლა, მაგრამ ბევრი მომხმარებელი ჯერ-ჯერობით მას არ იყენებს.
როგორც ცნობილია, პარასკევს მომხდარი კიბერთავდასხმის შედეგად სამხრეთ კორეაში ვირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.
იაპონიაში NISSAN-მა და HITACHI-იმ განაცხადეს, რომ მათი დანაყოფების ნაწილი დაზარლდა, ხოლო ჩინეთში, ენერგო კომპანია PETROCHINA აცხადებს, რომ მომხმარებლების ნაწილი ბენზინგასამართ სადგურზე საგადასახადო სისტემის გამოყენებას ვერ ახერხებდა.
გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების შედეგად, ინგლისში 48, ხოლო შოტლანდიაში ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის 13 დაწესებულება, გერმანიის სარკინიგზო ქსელი DEUTSCHE BAHN, ესპანეთის სატელეკომუნიკაციო ოპერატორი TELEFONICA, ფრანგული ავტომწარმოებელი RENAULT, ამერიკის შეერთებული შტატების ლოჯისტიკის გიგანტი FEDEX და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც დაზარლდა.
გავრცელებული ცნობით, უახლოეს დღეებში ახალი კიბერთავდასხმაა მოსალოდნელი.