ქალაქ ოზურგეთში, “თი ბი სი“ ბანკსა და სამუსიკო სკოლას შორის, ჩქარი ტემპით მიმდინარეობს ახალი შენობის მშენებლობა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურული განყოფილების უფროსმა, თამაზ ლომჯარიამ მშენებლობაზე კონკრეტული საუბარი არ ისურვა და ქალაქ ოზურგეთის მერიისკენ გადაგვამისამართა (მოგეხსენებათ, 2017 წლის ოქტომბრიდან ქალაქ ოზურგეთის მერია გაუქმდა).
_ მშენებლობის ნებართვა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გასცა და აქედან გამომდინარე, დეტალებზე ვერაფერს გეტყვით.
_ ბატონო თამაზ, გასაგებია, რომ ნებართვა ქალაქ ოზურგეთის მერიის დროს გაიცა, მაგრამ თქვენ არ იცით, რა შენდება ქალაქის ცენტრში?
_ მგონი, გასაგებად გითხრათ ყველაფერი. მოგვწერეთ საჯარო ინფორმაცია და მიიღებთ შესაბამისს პასუხს. კარგად ბრძანდებოდეთ, – გვითხრა თამაზ ლომჯარიამ.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სამსართულიანი შენობის მშენებლობა გურიის ყოფილმა გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა და მისმა მეგობრებმა წამოიწყეს.
“მრავალფუნქციური იქნება და ასევე, იქნება საოფისე ფართები. ოღონდ მარტო მე არ ვაკეთებ და არ ვარ ჩართული მაგ საქმეში, მეგობრებთან ერთად დაიწყეთ მშენებლობა. ეს ფართი, სადაც ახლა მშენებლობა მიდის, 2001 წელს აუქციონის წესით ვიყიდე მეგობრებთან ერთად (არ აკონკრეტებს, რომელ მეგობრებთან ერთად), _ გვითხრა ვალერი ჩიტაიშვილმა.