საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ თაქალოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც უჩა ნანუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და პირადად ესაუბრა გოგონასა და მისი ოჯახის წარმომადგენლებს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, როგორც სამართალდამცავ უწყებებისათვის მიცემულ ჩვენებებში, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გოგონა ძალადობის ფაქტს უარყოფს.
„2017 წლის 27 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში 17 წლის გოგონა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ქორწინების მიზნით გაიტაცეს.
სახალხო დამცველის აპარატი პირველივე დღიდან ჩართულია და სწავლობს მომხდარ შემთხვევას. სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და პირადად ესაუბრა გოგონასა და მისი ოჯახის წარმომადგენლებს. როგორც სამართალდამცავ უწყებებისათვის მიცემულ ჩვენებებში, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გოგონა ძალადობის ფაქტს უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ პოლიციას დღენახევარი დასჭირდა გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად. სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია პოლიციის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და ქმედებებთან დაკავშირებით და დეტალურად შეისწავლის რამდენად ეფექტურად მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება აღნიშნული ფაქტის შეტყობინების მომენტიდან გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალადობას უარყოფს, სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო. ზოგადად, არასრულწლოვანთა ქორწინებას, განსაკუთრებით „მოტაცების“ კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა პოტენციურად გავლენა ჰქონდეს ბავშვის ჯანმრთელი განვითარების, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და განათლების მიღების უფლებაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების ეფექტური რეაგირება, რათა არ მოხდეს ამგვარი ქმედების ნორმალიზება საზოგადოებაში. სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში სიტუაციის მონიტორინგს და შეისწავლის ადრეული ქორწინების ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობას“, _ აღნიშნულია განცხადებაში.