აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას.
მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს.
აზიური ფაროსანა გაზაფხულზე – აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან მცენარეზე სახლდება და მავნეობას გვიან შემოდგომამდე აგრძელებს.
მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით.
ფაროსანა ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს და წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს.
ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.
ფაროსანა სიმინდზე გადადის ტაროს რძისებრ სიმწიფეში შესვლის პერიოდში. ის ინტენსიურად ჩხვლეტს სიმინდის ფუჩეჩს და აზიანებს მარცვალს.
მავნებელი გადასაზამთრებლად შედის საცხოვრებელ სახლებში, ფარეხებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში; ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე, ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში.
გამოზამთრების შემდეგ, აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში, აზიური ფაროსანა გამოდის, იწყებს მცენარეებით კვებას და კვერცხდებას. აზიური ფაროსანა სულ 200-მდე კვერცხს დებს, მათ შორის, ერთ კერაში 30-მდე კვერცხს ძირითადად ფოთლის ქვედა მხარეს ჯგუფებად.
კვერცხი თეთრი ფერისაა და გამოჩეკვის წინ იღებს ოქროსფერ შეფერილობას. 4-5 დღეში იჩეკებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ _ მოთეთრო- ყავისფერი ხდებიან); 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად – იმაგოებად; 50-55 დღეში აღწევენ ზრდასრულ ასაკს, რომლის ზომა 12-17 მმ-ია. ფაროსანას ახასიათებს განიერი, ყავისფერი, მარმარილოსებრი ტექსტურა, ხოლო ფეხებზე, მუცლის კიდეებსა და ულვაშებზე _ თეთრი ზოლები.
როგორ უნდა ჩატარდეს ქიმიური წამლობა და რა სახის პრეპარატებია რეკომენდებული?
ქიმიური პრეპარატების შესხურება უნდა ჩატარდეს მათი გამოყენების წესების და ლოდინის პერიოდის მკაცრი დაცვით.
მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება საქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვით და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია: ალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურა-კურა. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6-1ლ/ ჰექტარზე.
ფაროსანას წინააღმდეგ ასევე გამოიყენება შემდეგი დასახელების ინსექტიციდები: პირინექს სუპერი (ბიფენტრინი+ ქლორპირიფოსი) -0,8-1,5 ლ/ჰა; ანტიხრუში ბიფენტრინი+იმიდაკლოპრიდი) – 1კგ/ჰა; ნურელდ ( ქლორპირიფოსი+ ციპერმეტრინი) – 0,4 -1 ლ/ჰა; ეფდალ-ფოსეტრინი (ქლორპირიფოსი + ციპერმეტრინი) – 0,4 ლ/ჰა; არივო (ციპერმეტრინი) -0,2 ლ/ჰა; აქტარა(თიამეტოქსამი) -0,12-0,14 კგ/ჰა; კონფიდორ მაქსი (იმიდაკლოპრიდი) -0,1 კგ/ჰა და სხვა ზემოაღნიშნული ჯგუფების პრეპარატები.
როდის და რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს წამლობა ?
მნიშვნელოვანია, რომ ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან დაიწყოს ინტენსიური დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე. მავნებლის გამოჩენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ქიმიური წამლობა, რომელიც ეფექტურია ნიმფის ( მატლის) ფაზაში; პირველი წამლობა ტარდება ნიმფების მასიური გამოჩეკვის შემდეგ, კოლხეთის დაბლობზე _ ივნისის დასაწყისში, ხოლო მაღალი ზონის ადგილებში _ შედარებით მოგვიანებით.
ინსექტიციდების შესხურება ძირითადად ტარდება თხილნარებში, რადგან ამ პერიოდისათვის მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული.
ამავე პერიოდში ტარდება შესხურება ნაყოფის მომცემ ხეხილოვან და ბოსტნეულ კულტურებზე.
მეორე წამლობა ზემოჩამოთვლილ კულტურებზე ტარდება ივნისის ბოლოს _ ივლისის დასაწყისში.
მესამე წამლობა ტარდება თხილის მოსავლის აღების შემდეგ.
მეოთხე წამლობა ტარდება სიმინდის და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში.
მეხუთე წამლობა ტარდება სიმინდის ნათესებში საჭიროების მიხედვით.
სპეციალისტები გვაფრთილებენ, რომ მოვარიდოთ ფუტკარი ქიმიურ წამლობას, არ გამოვუშვათ წამლობიდან რამდენიმე საათის განმავლობაში სკებიდან, შესხურება ჩავატაროთ დილის და საღამოს საათებში!
2017 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სათანადო სიფრთხილის გამოჩენისას, ფაროსანას წინააღმდეგ რეკომენდებული პრეპარატების რეგლამენტების დაცვით ჩატარებული წამლობა ფუტკრისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია დაცვის ინდივიდუალური საშუალებები _ სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი! შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვებისა მიღება. პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ ფრინველი, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა!
შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში!
წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში!
არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს!
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით მოსახლობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა შეაგროვოს და მექანიკურად გაანადგუროს. მოზამთრე პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას. ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე.