ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1982 წლიდან, ყოველწლიურად, 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც სასუნთქი გზებით ვრცელდება. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის კოხის ჩხირი, რომელიც 1882 წელს მეცნიერმა რობერტ კოხმა აღმოაჩინა. ტუბერკულოზით, სავარაუდოდ, მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედია ინფიცირებული.
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 2016 წელს 10,4 მილიონი ახლად დაავადებული ადამიანია, 2 მილიონზე მეტია გარდაცვლილი და გარდაცვალებათა ტენდენცია ასეთია, ყოველ 20 წამში ტუბერკულოზით გამოწვეული გართულებების შედეგად 1 ადამიანი იღუპება.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, ტუბერკულოზი სოციალური პრობლემაა და საზოგადოების ცოდნა ამ დაავადებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად უნდა ამაღლდეს.
„24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის დღე. ამ კვირეულის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართებოდა ღონისძიებები, რაშიც აქტიურად იყო ჩართული ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი. მაქსიმალურად უნდა ამაღლდეს ცნობიერება ტუბერკულოზთან დაკავშირებულ ცოდნასთან და პრობლემის გაცნობიერებასთან. ის არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაა. ეხება ძალიან დიდ ჯგუფს ადამიანებისა, უამრავ ოჯახს. ტუბერკულოზით დაავადებული ოჯახები არიან დაზიანებულები, საზოგადოება ზიანდება”,_ამბობს ავალიანი.
ის აღნიშნავს, რომ ტუბერკულოზის ყოველ მე-5 შემთხვევას ფილტვგარეშე ფორმა აქვს და უშვილობის დაახლოებით 27 %-ის მიზეზი ეს დაავადება ხდება.
“სამწუხაროდ, ყოველი მე-5 შემთხვევა ტუბერკულოზის არის ფილტვგარეშე ფორმები, სახსრების, საშვილოსნოსი. უშვილობის 27%-ის მიზეზი ტუბერკულოზია, ამის შესახებ ბევრმა არ იცის. ტუბერკულოზით ყოველი მე-6 დაავადებული, ასევე არის დიაბეტით დაავადებული. ეს 2 პათოლოგია ძალიან თანამშრომლობს. არსებობს ქუთუთოს ტუბერკულოზი და ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ტუბერკულოზი ასევე ხდება კუზის გამომწვევი. ადამიანს რომელსაც კუზი აქვს, ე.ი. მას ჰქონდა ტუბერკულოზის ისეთი ფორმა, რომელმაც ძვლოვანი სისტემა დააზიანა”, _ ამბობს ავალიანი.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, მთავარ პრობლემას საზოგადოების უცოდინრობა და ის სიმპტომები წარმოადგენს, რაც გადაუდებელი მკურნალობა არ სჭირდება.
” ძალიან ხშირია შეწყვეტილი, დაგვიანებული მკურნალობები. ტუბერკულოზი ისეთი ვერაგი სენია, რომელსაც ისეთი ნიშნები აქვს, რომ არ საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას. ის არის სენი, რომელსაც თავიდანვე უნდა დაწყება სწორი მკურნალობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვცემს შეუქცევად შედეგებს. ბოლო 2 საუკუნის მანძილზე ტუბერკულოზით მილიარდზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ეს არის ჩვენი პრობლემა, მსოფლიო პრობლემა. საქართველოში თითქმის 5%-მდე იყო ბოლო პერიოდში სიკვდილობა, ასე რომ ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საზოგადოების სიფხიზლისთვის. ტუბერკულოზი მხოლოდ 24 მარტს არ უნდა გაახსენდეს საზოგადოებას”,_ამბობს ავალიანი.
მისივე თქმით, ტუბერკულოზის მკურნალობას 22 თვე, რიგ შემთხვევებში უფრო მეტი დრო სჭირდება, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ მკურნალობის პერიოდი 9 თვემდე შემცირდეს.
“ტუბერკულოზის მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს, მკურნალობა 22 თვიანია, თუმცა, წამალგამძლე ფორმების მკურნალობას ხშირ შემთხვევებში რამდენიმე წელი სჭირდება. დღესდღეობით მუშავდება მკურნალობის ახალი რეჟიმები, რომელთა ამოცანაა მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება 6-იდან 9 თვემდე”,_ ამბობს ავალიანი.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, უახლოეს 6 წელში აჭარის გათავისუფლება იგეგმება ტუბერკულოზისგან.