სამთავრობო ცვლილებების შედეგად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან მინისტრთა კაბინეტში გატარებულ ცვლილებებსა და სამინისტროების შემცირების შესახებ ისაუბრა. ახალმა მინისტრმა განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა ჩაანაცვლა.
რას ფიქრობენ ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობის ერთ წელზე და როგორი მოლოდინი არსებობს ახალი მინისტრთან დაკავშირებით? _ ამ თემებზე სასაუბროდ ,,გურია ნიუსი“ განათლების და მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრს ზაზა პაპუაშვილსა და ,,ქართული ოცნების“ წევრს ზაქარია ქუცნაშვილს დაუკავშირდა.
ზაზა პაპუაშვილის გაცხადებით, განათლების სამინისტროს კარგი რეორგანიზაცია სჭირდება. ,,ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ჯეჯელავასთან დაკავშირებით კითხვები ყოველთვის ჰქონდა.
როდესაც მინისტრის პოსტზე ინიშნება ადამიანი, ყოველთვის მებადება კითხვა: რატომ გახდა მინისტრი და რა რეფორმებს გაატარებს საგანმანათლებლო სისტემის გასაუმჯობესებლად. მე ვფიქრობ, წარსულის შეცდომებზე უკეთესი მომავლის შენება უნდა შევძლოთ. ალექსანდრე ჯეჯელავასთან დაკავშირებით ყოველთვის მქონდა კითხვები, მის არაორდინალურ და თამამ განცხადებებს მოჰყვებოდა თუ არა ქმედითი ნაბიჯები, რაც ვერ შეძლო. ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს კარგი რეორგანიზაცია სჭირდება. არ შეიძლება გარკვეულმა ხელმძღვანელებმა თავიანთი აკვიატებით მართონ დეპარტამენტები. ახალ მინისტრს არ ვიცნობ, მაგრამ მას სამეცნიერო და პედაგოგიური წრეები დადებითად ახასიათებენ. როგორც ვიცი, ძალიან დიდი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონეა და დარწმუნებული ვარ, რომ განათლების სამინისტროს ღირსეულად უხელმძღვანელოს“, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილმა.
ალექსანდრე ჯეჯელავასთან დაკავშირებით საპირისპიროს ფიქრობს ,,ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. მისი განცხადებით, ალექსანდრე ჯეჯელავა მისთვის მოსაწონი მინისტრი იყო, თუმცა, მისი თქმით, სიღრმისეული შეფასებისგან თავს შეიკავებს. რაც შეეხება ახალ მინისტრს, ქუცნაშვილის განცხადებით, ამ პიროვნების შესახებ მედიის საშუალებით გაიგო.
მე მოვერიდებოდი ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებას, რადგან ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ერთ წელი იყო თანამდებობაზე. შემიძლია გითხრათ, რომ ეს პიროვნება არის საკმაოდ თავისუფალი, ერუდირებული, რაც, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მომწონს.
_ ბატონო ზაქარია, წარმატებული იყო ჯეჯელავას მინისტრობის პერიოდში განათლების სისტემა?
_ მისი მინისტრობის პერიოდში ყურადღება მიექცა პროფესიული განათლების მიმართულებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მისი მინისტრად მოღვაწეობის პერიოდი იყო საკმაოდ ხანმოკლე, ამიტომაც მოვერიდებოდი შეფასების გაკეთებას.
ახალ მინისტრს არ ვიცნობ, მედიით გავიგე ამ პიროვნების თაობაზე. რაც ვიცი მისი ბიოგრაფიული მონაცემებიდან, საკმაოდ წარმატებული მეცნიერი იყო უცხოეთში, სხვა მონაცემებს ამ პიროვნების თაობაზე არ ვფლობ.
განათლების ახალი მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბიოგრაფია ასეთია:
მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იყო მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე, მინიჭებული აქვს მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის _ საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი.
ამერიკაში იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი. მიხეილ ჩხენკელი იყო თსუ-ს რექტორის მოადგილე.
მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის – ამერიკის მათემატიკური საზოგადოების და ამერიკის მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში. მონაწილეობს ახალი კურიკულუმების შემუშავებაში და კითხულობს ლექციებს. აქვს მჭიდრო კავშირები წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებთან, მათ შორის – ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის, ჩიკაგოს, ბერკლის, ნიუ იორკის, ჯონს ჰოპკინსის, მასაჩუსეტსის. არის ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.