საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა REUTERS-ის ობიექტივში მოხვდა.
როგორც გამოცემის მიერ დაწერილ ტექსტშია ნათქვამი, ციხიდან გამოსული ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს.
მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს, ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა, მას შემდეგ რაც ძალაუფლების გადამეტებაში, თანხის გაფლანგვაში და სხვა კრიმინალურ დაშაულში ცნეს დამნაშავედ, რასაც ის უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს უწოდებდა.
მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა, ვიდრე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებოდა ქართული ოცნების მიერ, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში.
„შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი რომ გავაგრძელო ბრძოლა ამ რეჟიმის მოსაშორებლად“,_ განაცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„გაძლევთ გარანტიას, რომ წელს ეს ხელისუფლება დასრულდება“.
მერაბიშვილს ციხის გარეთ უამრავი მხარდამჭერი დახვდა. მათ შორის ყოფილი ხელისუფლების წევრები.
როგორც REUTERS აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი ყოფილი ოფიციალური პირი დააკავეს, ძალაუფლების გადამეტების და კორუფციის ბრალდებით.
ოპოზიციური პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მისი ოპონენტების წინააღმდეგ ომობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე კრიმინალური საქმე გაიხსნა და დააკავეს ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციების პერიოდში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წინააღმდეგ იმართებოდა.
REUTERS-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გასულ ზაფხულს დაიწყო და სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება.
დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის მთავრობამ, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გამოიყენა შერჩევითი სამართლიანობა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, რასაც ოფიციალური პირები უარყოფენ.