რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოდან მოწყვეტილ რეგიონს აფხაზეთს ესტუმრა და მოსკოვის მიერ სამხედრო მხარდაჭერაში დაარწმუნა, _ აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დასავლეთი რუსეთის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერას გმობს.
როგორც REUTERS წერს, აფხაზეთი და კიდევ ერთი ქართული რეგიონი, სამხრეთ ოსეთი თბილისის კონტროლიდან 1990-იანი წლების დასაწყისში გავიდა.
პუტინმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სეპარატისტულ რეგიონებში სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა გააძლიერა.
პუტინი აფხაზეთში შავი ზღვის კურორტ ბიჭვინთაზე, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თბილისში ვიზიტიდან 1 კვირის შემდეგ ჩავიდა.
პენსმა, ვიზიტის დროს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნა დაგმო.
სეპარატისტული ადმინისტრაციის ლიდერთან, რაულ ხაჯიმბასთან გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი იღებს ვალდებულებას აფხაზეთში ხალხის უსაფრთხოების დასაცავად რუსულ-აფხაზური სამხედრო კონტიგენტი შექმნას.
“ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ სრულიად განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს აფხაზეთთან”,_განაცხადა პუტინმა.
“ჩვენ საიმედოდ ვუზრუნველყოფთ აფხაზეთის უსაფრთხოებას, თვითმყოფადობას და დამოუკიდებლობას, დარწმუნებლი ვარ ასეც გაგრძელდება”,_ამბობს პუტინი.
რუსეთის მხარე აცხადებს, რომ 2008 წელს ის ქართული სამხედრო შენაერთებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ცდილობდა.
დასავლეთის მთავრობების თქმით, რუსეთი სეპარატისტულ კონფლიქტებს უჭერდა მხარს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ხელი შეეშალა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2008 წელს დაღუპული ჯარისკაცების საფლავების ყვავილებით შემკობის შემდეგ REUTERS-თან განაცხადა: “დღეს, როდესაც ამ ტრაგედიის გამო დანაკარგებს ვგლოვობთ, ვნახეთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს აფხაზეთს ესტუმრა”.
“პუტინის ვიზტი საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციის მცდელობა,რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინაღმდეგ განახორციელა”,_განაცხადა მარგველაშვილმა REUTERS-თან საუბრისას.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ პუტინის ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.
“პუტინის ვიზიტი საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში, შეიარაღებლი კონლიქტის მეცხრე წლისთავზე, საზიანოა საერთაშორისო მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის“,_ნათქვამია განცხადებაში.