“მართალია სტეფანე სკამზე დადგა, მაგრამ მე არას გეუბნები,” _ ასე შეაფასა 2014 წელს X ფაქტორის ჟიურის წევრმა სოფო ტოროშელიძემ პირველივე გამოსვლაზე ნათია თოდუა, რომელიც გუშინ The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა.
ამ შეფასებიდან რამდენიმე დღეში, 4 სკამის კონკურსზე ტოროშელიძემ იგივე გაიმეორა. მის მსგავსად, ნათიას უარყოფითი შეფასება ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი გაბუნიამ მისცა:
“შენი ნამღერი იყო სასაცილო”, _ მიმართა გაბუნიამ თოდუას.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ტოროშელიძის და გაბუნიას დაწუნებული ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია. მას ეს წარმატება საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმაც მოულოცეს და აღნიშნეს, რომ მისი წარმატებით საქართველო ამაყობს.
როგორც აღმოჩნდა, ნათია თოდუას წარმატებით სოფო ტოროშელიძეც ამაყია, რომელსაც ნათიასთვის ნათქვამი არა ბევრჯერ შეახსენეს:
“ვულოცავ პირველ რიგში ნათია თოდუას ამ უდიდეს წარმატებას და შემდეგ მთელ საქართველოს! ეს არ არის პატარა საქმე ქვეყნისთვის! ნამდვილად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის მისი ამხელა წარმატება!
რაც შეეხება ჩემს არას, რომელიც მან მიიღო თავის დროზე იქს ფაქტორში. ფაქტია არც მაშინ იყო გადამწყვეტი და ფაქტია, რომ არც ცხოვრებაში გახდა გადამწყვეტი! ასე რომ ვულოცავ მთელი გულით ყველას!, _ წერს ტოროშელიძე ფეიბუქის საკუთარ გვერდზე.
იხილეთ ვიდეო თუ როგორ დაიწუნეს ტოროშელიძემ და გაბუნიამ ნათია თოდუას ნამღერი.