დღეს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან დემირელის კოლეჯის დახურვა მოსწავლეების მშობლებმა, კურსდამთავრებულებმა და მასწავლებლებმა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერებას პოლიტიკურ მოტივებს, კერძოდ, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით „დემირელის“ კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებას უკავშირებენ.
როგორც „გურია ნიუსს“ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა, ირა მანთიძემ უთხრა, კოლეჯის დაკეტვა უსამართლობაა.
„შეკრების მიზანი არის დემირელის კოლეჯის მიმართ ჩვენი თანადგომის გამოხატვა. დემირელის დახურვას პოლიტიკას ვუკავშირებთ, რადგან ჩვენც ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ვართ და ვხვდებით, ვაანალიზებთ, რა ხდება ქვეყნებს შორის. პირადად მე ველოდი, რომ რაღაც მოხდებოდა და ჩვენი სკოლა დაიხურებოდა. თუმცა, მთელი წლის განმავლობაში ვხედავდი, როგორ პოზიორობდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ჩვენი კოლეჯის წარმატებულ მოსწავლეებთან და ამაყობდნენ მათი წარმატებებით. ამიტომ იმედი მქონდა, რომ გაითვალისწინებდნენ ამ ყველაფერს და ოქროს შუალედს გამონახავდნენ, საუკეთესო სკოლის შესანარჩუნებლად. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. „დემირელი“ ერთ-ერთი საუკეთესო კოლეჯია და ვფიქრობ ერთადერთიც, რომელიც ჩვენი შვილებს აფასებს, აფინანსებს და მათ განვითარებაზე ზრუნავს. ეს სკოლა დახურეს. რაც ხდება არის უმადურობა და დაუნახაობა იმ ყველაფრის, რასაც ეს სკოლა აკეთებდა წლების განმავლობაში. განათლების სამინისტროდან არავინ შემოგვხმიანებია. ჩვენ თვითონ ვიყავით კერძო სკოლებში მისულები და 10 %-იან დაფინასებაზეც კი არ არის საუბარი,“_თქვა მანთიძემ.
როგორც ცნობილია, „დემირელის“ კოლეჯის მოსწავლეების მიღების სურვილი 6-მა კერძო სკოლამ გამოთქვა.
„გურია ნიუსი“ იმის გასარკვევად თუ რატომ არ მიეწოდა აღნიშნული ინფორმაცია მოსწავლეების მშობლებს, განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ნატა ასათიანს ესაუბრა.
„კერძო სკოლების მიერ გამოთქმული ინიციატივების შესახებ უშუალოდ „დემირელის“ კოლეჯის ადმინისტრაციას ძალიან მალე ეცნობა. მშობლებისთვის ეს ინფორმაცია, რომ არის საშუალება გადავიდნენ სხვა კერძო სკოლებში, სადაც მათი სურვილის შემთხვევაში კლასიც არ დაიშლება, „დემირელის“ კოლეჯის ადმინისტრაციას უნდა მიეწოდებინა“,_ამბობს ასათიანი.
კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერებას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში თეიმურაზ ქაჯაია ამბობს, სასწავლებლის დახურვა ბავშვების ინტერესის წინააღმდეგაა მიმართული.
„დემირელის კოლეჯის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ არის სწორი და ჩვენი ბავშვების ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. თუმცა, სამთავრობო დონეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეჭვი მეპარება რამე შეიცვალოს. შეიძლება პრემიერ-მინისტრი განათლების მინისტრთან ერთად მიდიოდეს კოლეჯში მადლობას უხდიდეს ბავშვებს, აჯილდოებდეს და რამდენიმე დღის შემდეგ სასწავლო დაწესებულებას ხურავდეს. ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ემრე ჩაბუქის დაპატიმრებას უკავშირდება. ნიჭიერი ბავშვები მეცოდებიან, რომლებიც ჰაერში რჩებიან. ტყუილად ამბობდნენ ჩვენი წინაპრები მიეცი ნიჭსა გზა ფართოო“,_ამბობს ქაჯაია.
მშობლებს, განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნატა ასათიანის განცხადებით, კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერება სტანდარტების დარღვევებმა გამოიწვია და პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი აზრს მოკლებულია.
„დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერების მიზეზების შესახებ არაერთი განმარტება გააკეთა ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მომუშავე ავტორიზაციის დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ, კომისიის თავმჯდომარემ, გია მურღულიამაც. აქ იყო იმ სტანდარტების დარღვევებზე საუბარი, რომელიც ავტორიზაციის გაგრძელების ან შეჩერების წინაპირობაა. დარღვევები იყო მნიშვნელოვანი. ამ დარღვევებზე საუბრის შემდეგ, მე მგონი, პოლიტიკურ სარჩულზე და პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი აბსოლუტურად აზრს მოკლებულია. ამას დავამატებ იმ გარემოებასაც, რომ დღეს უნდა ყოფილიყო ამ კომისიის სხდომა, სადაც „ჩაღლარის“ სკოლის ქვეშ მომუშავე 2 სკოლის ავტორიზაციის გაგრძელება, არ გაგრძელების საკითხი უნდა განხილულიყო და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია 2-ვე სკოლას გაუგრძელდა ავტორიზაცია, იმიტომ, რომ იქ არ აღმოჩნდა იმ ტიპის დარღვევები, რაც ავტორიზაციის შეჩერების წინაპირობაა. ესეც პოლიტიკურ მოტივებზე საუბრისას ანგარიშგასაწევი ინფორმაციაა“,_ამბობს ასათიანი.
ამავე თემაზე:
აქციის მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე შეხვდა
“დემირელის კოლეჯი საუკეთესოა და მაინცდამაინც ამ საუკეთესოს ერჩიან”
“დემირელის კოლეჯის დახურვა პოლიტიკური დევნაა” _ აქცია განათლების სამინისტროსთან