გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის მხარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
გარდაცვლილი ახალგაზრდას ახლობლებს არ სჯერათ, რომ შემთხვევის დროს, კობიაშვილი მხოლოდ მოგერიების მიზნით მოქმედებდა.
მათ აღნიშნული საკითხის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„დაანებონ თავი გარდაცვლილის სულის შეურაცხყოფას, ჩვენზე ზეწოლას და საშინელ კომენტარებს, რადგან ამ ყველაფერს კითხულობენ ძმები, ვკითხულობთ ჩვენ და ეს ყველაფერი მიდის დედის ყურამდე,”_ განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრმა, ნინო გულიაშვილმა.
თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატმა კი ჟურნალისტებთან იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ვიდეომტკიცებულებაში ჩანს.
„აღნიშნული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა, არის განზრახვა და არცერთ შემთხვევაში არ არის მოგერიება. თუ აქვს ვინმეს კადრები ნანახი, როგორ მიდის კობიაშვილი მანქანასთან წყნარი ნაბიჯით, როგორ იღებს იარაღს და საერთოდ როგორ მშვიდად იქცევა და მიემართება თამაზთან შესახვედრად,”_ განაცხადა ადვოკატმა წულეისკირმა.