“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ოზურგეთის #60 საოლქო სარჩევნო კომისიაში, ნინო ბურჭულაძე ამბობს, რომ ამავე კომისიის წევრმა, მათე სკამკოჩაშვილმა ვიდეო გადაღების დროს ხელი შეუშალა.
“მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, იმ დროს, როდესაც ვახორციელებდი ჩემთვის კანონით მონიჭებულ უფლებას, კერძოდ, ვაწარმოებდი საჯარო სივრცეში მიმდინარე პროცესების ვიდეო გადაღებას, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მათე სკამკოჩაშვილმა, ხელი შემიშალა ამ საქმიანობაში, კერძოდ, დამემუქრა კამერის დამტვრევით და მომთხოვა ვიდეო გადაღების შეწყვეტა, ასევე, ხელი ამიკრა კამერაზე.
მიმაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კომისიის წევრის ქმედება აშკარად შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედების ნიშნებს, შეიზღუდა მუხლი 41 _ ჩემთვის სარჩევნო კანონმდებლობით მონიჭებული უფლება“, _ ამბობს ნინო ბურჭულაძე , რომელმაც უკვე განცხადებით მიმართა ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიას.
“გურია ნიუსი“ მათე სკამკოჩაშვილს დაუკავშირდა.
“მე არავისთვის შემიშლია ხელი. ვიდეოს და ფოტოს გადაღებისთვის არის გამოყოფილი ადგილი და იმ ადგილიდან მოვუწოდე განეხორციელებინა გადაღება. მინდა გითხრათ, რომ თვითონ უფრო შეუშალა ხელი პროცესს, კონკურსანტებთან მიდიოდა გასაუბრება“, _ გვითხრა მათე სკამკოჩაშვილმა.