ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ პრესკონფერენცია გამართა და ის გაწეული სამუშაოები შეაჯამა, რაც მისი გამგებლობის პერიოდში ლანჩხუთში გახორციელდა. მთავარი აქცენტი ურუშაძემ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გააკეთა. მისი თქმით, 2013 წლიდან მოყოლებული, რაც ის გამგებლის პოსტს იკავებს, ლანჩხუთში უპრეცენდენტოდ დიდი თანხა, 34 მილიონზე მეტი ლარი გაიხარჯა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გასახორციელებლად.
„მე ამაყი ვარ, როცა ამ თემებზე ვსაუბრობ და მიხარია, რომ ჩემი გამგებლობის პერიოდში მოხდა ამდენი თანხის დახარჯვა“, _ აღნიშნა ურუშაძემ, რომელსაც გამგებლობის ვადა წელს გასამართი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ეწურება. ურუშაძე ერთადერთი გამგებელია გურიის რეგიონში, ვისაც „ქართულმა ოცნებამ“ გამგებლობის მეორე შანსი არ მისცა.
„არავითარი მცდელობა არ მქონია, გამგებლად გამეგრძელებინა მუშაობა. არ ვარ ის კაცი, ამისთვის ვინმე შემეწუხებინა. 70 რაიონიდან 50 გამგებელი შეიცვალა, მათ შორის მეც. პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, ლანჩხუთში ახალი ადამიანები მოიყვანოს სათავეში და სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ, რატომ მოხდა ასე. შემეძლო დამოუკიდებელ კანდიდატადაც მეყარა კენჭი, თუმცა, მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და ამჟამად ლანჩხუთის გამგებელი და არა მაქვს იმის უფლება, რომ მმართველი პარტიის საწინააღმდეგოდ გადამედგა ნაბიჯი“, _ ამბობს ურუშაძე.
ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ ზაზა ურუშაძესთან ერთად უარი მის ძმას, კახა ურუშაძესაც უთხრა, რომელიც მოქმედ საკრებულოში მამათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა.
„მე ვთვლი, რომ კახა არის ძლიან წესიერი და განათლებული ადამიანი და ნამდვილად გაკვირვებული დავრჩი პარტიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს მიმართ გავნაწყენდით _ როგორც პარტიამ გადაწყვიტა, ისე ჩავთვალეთ საჭიროდ“, _ თქვა ზაზა ურუშაძემ, რომელიც არ საუბრობს საკუთარ მოსაზრებებზე, თუ ვის შეეძლო ურუშაძეების დაბლოკვაში გადამწყვეტი როლი ეთამაშა.
„ვერანაირად ვერ ვისაუბრებ, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა ამ გადაწყვეტილებაში, რადგან საამისოდ არანაირი დოკუმენტი არ მაქვს, უბრალოდ, არც დავინტერესებულვარ ამ საკითხით“, _ თქვა ურუშაძემ.