ოზურგეთელმა ავთო ბერიშვილმა, რომელიც პროფესიით ინჟინერია, ახლახან დაბეჭდა და მკითხველებს მიაწოდა წიგნი, „ჩემი ბერიშვილები“.
ბატონი ავთო სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ახლა კი, როგორც თავად ამბობს, ცოტა ხნით „ქაღალდებთან ისვენებს“.
„არც მწერალი ვარ და არც მჭევრმეტყველი მესიტყვე. იცით, რატომ დავბეჭდე ეს წიგნი და ბერიშვილებით რატომ დავიწყე? ყველა გვარშია სახელოვანი თუ უბრალო, ნამდვილი ადამიანი, რომელსაც საამქვეყნო საქმეში თავის წვლილი შეაქვს. ბევრია ასეთი ჩვენს გვარში. იყოს ერთად თავმოყრილი. თქვენ, ჟურნალისტებსაც რამდენჯერ გჭირდებათ სხვადასხვა ინფორმაცია, ზოგჯერ უსახელო და უცნობ გმირებზე, კაი კაცებზე… ხომ გიხდებათ ძებნა? ზოგჯერ ხალხი ხელნაწერის სახით ინახავს ისტორიას, საინტერესო ამბებს… ახლა არის საშუალება უფრო ლამაზად, ბეჭდური სახით გააკეთო, წიგნად. არავინ შემიწუხებია. საკუთარი ხარჯებით გავაკეთე. დაფორმატებული მაქვს კრებული სხვა გვარების წარმომადგენელთა, სხვადასხვა ადამიანთა ცხოვრების და ნაკეთები საქმეების შესახებ და გამოვცემ, რა რაოდენობითაც შევძლებ. კარგად ნაკეთები საქმეები, არ მინდა დავიწყებას მიეცეს“, _ გვითხრა ავთო ბერიშვილმა.