ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ლელა ჩახვაძე, რომელიც მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო და საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით მოხვდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი თბილისში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი იყო.
ინფორმაციას სამსახურიდან გაშვების თაობაზე საკუთარ ფეისბუქგვერდზე თავად ლელა ჩახვაძე ავრცელებს. თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს და „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთებს.
საკრებულოს წევრის, კახა ასკურავას მოსაზრებით კი, რომელიც სამომავლოდ ჩახვაძესთან ერთად ფრაქციის შექმნას გეგმავს საკრებულოში, ჩახვაძის გათავისუფლების მიზეზად მოქმედ ხელისუფლებასთან დეპუტატის დაპირისპირებას მიიჩნევს.
„მიზეზი ერთადერთია, იგი ღიად უპირისპირდებოდა მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას და არ მიიღო მათგან რიგი შემოთავაზებები გაჩუმების ნაცვლად“, _ ამბობს ასკურავა.
ლელა ჩახვაძე ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნების წინ გადავიდა, მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა, გვანცა ჩხარტიშვილმა „ქართული ოცნება“ ხმაურიანი განცხადებების ფონზე დატოვა.
ჩახვაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს „ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ნატალია ხოხიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
„დამიკავშირდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პატრიოტთა ალიანსიდან და მაცნობა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ში ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოში”. რა მიზეზითაც გაათავისუფლეს, მართლაც რომ, საკვირველია. ის კენჭს იყრიდა ლანჩხუთში მერის თანამდებობაზე და მუშაობდა თბილისში. საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩასატარებლად სამსახურში დაწერა განცხადება და მოითხოვა კუთვნილი შვებულებაც და ამასთანავე უხელფასო შვებულება არჩევნების შედეგების შეჯამებამდე. მაშინ მას უარი უთხრეს და ამით ჩააყენეს არათანაბარ პირობებში სხვა კანდიდატებთან. არადა, კანონი ამის საშუალებას მას აძლევდა. შემდეგ, ჩვენმა ორგანიზაციამ დაყენა მისი საკითხი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე და კომისიამ მიწერა სააგენტოს. ბოლოს ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ქალბატონი ლელას განცხადება დაკმაყოფილდა, მაგრამ გუშინ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ ის დღეები ჩაეთვალა არასაპატიოდ. გამოდის, სააგენტომ მოგვატყუა ჩვენც და უწყებათაშორისი კომისიაც.
ის, რაც ხდება ამ სააგენტოში, როგორ ათავისუფლებენ სრულიად უმიზეზოდ კვალიფიციურ კადრებს სამსახურიდან, ეს სხვაა, მაგრამ ის, რაც ამ შემთხვევაში მოხდა, ქალბატონ ლელასთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური ზეწოლა განსხვავებული პოზიციის მქონე თანამშრომელზე“, _ წერს ხოხიაშვილი.
ლელა ჩახვაძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე „გურია ნიუსი“ კომენტარისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
„ლელა ჩახვაძე 2017 წლის 15 დეკემბრამდე დასაქმებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე. სამსახურის შინაგანაწესის სისტემატური დარღვევის გამო, რაც გამოიხატა 2017 წლის 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობაში, ლელა ჩახვაძის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება“. ამ პერიოდში ლელა ჩახვაძე არ იყო დარეგისტრირებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად. მან მერობის კანდიდატად რეგისტრაცია გაიარა 2017 წლის 15 სექტემბერს, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატად _ 20 სექტემბერს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, #61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში არჩევნები დამთავრდა 2017 წლის 1 ნოემბერს (შემაჯამებელი ოქმი #58), ხოლო ლელა ჩახვაძე სამსახურში გამოცხადდა 2017 წლის 13 ნოემბერს, რაზეც ვერ წარმოადგინა გაცდენის საპატიო საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დისციპლინური გადაცდომის ხელმეორედ ჩადენის გამო, რაც გამოიხატა სამსახურში განმეორებით არასაპატიო გამოუცხადებლობაში 2017 წლის 1 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, ლელა ჩახვაძის მიმართ გამოყენებული იქნა უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „სამსახურიდან გათავისუფლება“ და 2017 წლის 15 დეკემბრიდან შეწყდა მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ, განხილული იქნა ლელა ჩახვაძისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლო ხელშეშლასთან დაკავშირებული საკითხი და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხელშეშლის ფაქტი არ დადასტურებულა და არ გაცემულა რეკომენდაცია“, _ გვპასუხობს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური.