დაბა ურეკში, „ქართული ოცნების“ დღეს გამართულ ყრილობაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების მერებს და მაჟორიტარ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია:
„მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც რწმუნებულს გურიის რეგიონში, ასევე, მუნიციპალიტეტების მერებს, მაჟორიტარ დეპუტატებს. მათი ჩართულობა თქვენი პრობლემების ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოტანის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია და მე არა ერთი შეხვედრა მქონია მათთან ამ პრობლემების მოგვარების მიზნით.
დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით, ჩვენ გვექნება ის კონსოლიდაცია, რომელიც მოგვიტანს იმ ლოგიკურ შედეგს, რომელიც ჩვენს ბრძოლას უნდა მოჰყვეს საბოლოოდ აუცილებლად.
ჩვენ შემოდგომაზე გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები _ “ქართული ოცნება” არჩევნებზე ღირსეული კანდიდატით წარდგება და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იმ გამარჯვებათა ჯაჭვში, რომლებსაც დღემდე ერთად მივაღწიეთ. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხმამაღალი სიტყვა, რომ “ქართული ოცნება” აკეთებს საქვეყნო საქმეს და ეს საქვეყნო საქმე გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.