ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, გასული წლის 26 დეკემბერს, არჩევიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომლის ხელმძღვანელი მისი სიძე, ლაშა ლომაძეა, 30 000 ლარი ჩაურიცხა.
თანხის ჩარიცხავს წინ უძღვის, ასევე, 26 დეკემბერს გამოცემული ბრძანება, რომელშიც ვკითხულობთ:
„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ, შშმ კატეგორიის პირების სოციალური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველყოფის ფარგლებში შედგენილი საგანმანათლებლო გამაჯანსაღებელი პროექტის თანადაფინანსების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული (პროგრამული კოდი 04.02) ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან გამოიყოს 30 000 ლარი“.
ოზურგეთის მერიიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამ მომსახურებაზე ხელშეკრულება შარაშენიძეს და ლომაძეს შორის არ გაფორმებულია.
დადებულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ოზურგეთის მერი და მისი სიძე თანხმდებიან შემდეგზე:
„2017 წლის 2 აგვისტოს დადებულ #39 სუბსიდირების ხელშეკრულების მე-3 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სუბსიდიის ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს“.
გასული წლის 2 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულება კი, როგორც აღმოჩნდა არა შშმ კატეგორიის პირების სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა, არამედ „საქველმოქმედო ასოციაცია „გურიაში“ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სრული კურსის რეაბილიტაციას“. კონკრეტული მომსახურება ხელშეკრულებაში გაწერილი არაა; წერია მხოლოდ ის, რომ სუბსიდიის თანხა გაიცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის #27 დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამიდან (პროგრამული კოდი 06 02 11).
თუმცა, შარაშენიძისთვის 4 დეკემბერს გაგზავნილ მიმართვაში ლაშა ლომაძე წერს, რომ ახალი პროგრამაა დაწყებული:
„ბატონო კონსტანტინე, მოგეხსნებათ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონული ორგანიზაცია (ოლიმპიური სახლი) ფუნქციონირებს 2016 წლიდან. ოლიმპიური სახლი, გარდა უშვალო ფუნქციონალური დატვირთვისა ანხორციელებს სხვადასხვა სპორტულ, გამაჯანსაღებელ, სასწავლო სარეაბილიტაციო ჰუმანიტარულ პროექტებს შშმ პირთა, ტრამვირებული სპორტსმენთა და სოციალურად დაუცველთა მომსახურებას.
აღნიშნული სერვისის შეთავაზებლად ოლიმპიურ სახლს გააჩნია ყველა შესაბამისი პირობა კერძოდ: მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და მატერიალური ბაზა.
2017 წლის განმავლობაში ცენტრმა მომსახურება გაუწია ზემოთ აღნიშნული კატეგორიის მნიშვნელოვანი რაოდენობის ბენეჰიციალებს.
მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან ბენეჰიციართა მოთხოვნით დავიწყეთ ახალი საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელი პროექტის განხორციელება, რომლიც მიზნათ ისახავს შ.შ.მ კატეგორიის პირების სოციალური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველყოფის თემა. აღნიშნული პროექტის განხორციელება კომიტეტმა დაიწყო თავისი სახსრებით, პროექტის სრულად განხორციელებისთვის საჭიროა თანადაფინანსების სახით გამოგვიყოთ 30 000 ლარი.
პროექტი იქნება გარდამავალი 2018 წელში და თქვენს მიერ საავანსოდ ჩამორიცხული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების შესაბამისად“, _აღნიშნულია ლომაძის მიმართვაში (მიმართვის სტილი დაცულია ავტ.)
კონსტანტინე შარაშენიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მან წინა ხელისუფლების დაწყებული საქმე გააგრძელა და ნათესაობა თანხის გადარიცხვასთან კავშირში არ არის.
კითხვაზე, კონკრეტულად რა პროგრამაზეა საუბარი და რატომ გადაურიცხა წინასწარ თანხა სიძის ორგანიზაციას შარაშენიძე ვერ გვპასუხობს:
_ ეს კითხეთ იმას, ვინც თანხა გადაურიცხა. რა პროგრამა აქვს, რატომ გადაერიცხა.
_ ოლიმპიურ კომიტეტთან გვამისამართებთ?
_ ოლიმპიურ კომიტეტს რატომ უნდა ჰკითხოთ? ვინც გადაურიცხა, იმას ჰკითხეთ.
_ საფინანსო სამსახურს გულისხმობთ?
_ რანაირადაც არის გაკეთებული სხვა დროში, ისეა _ ჩემს პერიოდს დაემთხვა და რაა მერე?
_ ლაშა ლომაძე თქვენ გწერთ წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი პროგრამა დაიწყეს. შეთახმება დადებულია ძველ ხელშეკრულებაზე, რომელიც სხვა მომსახურებას გულისხმობს…
_ ეტყობა, თქვენ ძალიან გადარდებთ ეგ ამბავი და მიყევით ბოლომდე.
_ კითხვაზე პასუხს არ გაგვცემთ?
_ არ ვიცი და როგორ გითხრათ? ვიცი ის, რომ წესით და რიგით მაქვს ყველაფერი გაკეთებული. თქვენ ხართ ჩასაფრებული და რანაირად გითხრათ მეტი, _ ამბობს შარაშენიძე.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ლომაძე ჩვენ მიერ ამ თემით დაინტერესებას იმით ხსნის, რომ მისი აზრით, „მხარე ვართ და ოზურგეთის განვითარება არ გვსურს“; საკუთარი სიტყვების დასტურად კი ის მოჰყავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მას თანხებს 7 წლის განმავლობაში ურიცხავდა და ამ დრომდე თემით არ დავინტერესებულვართ:
„საკვირველია, დღეს რატომ იწყებთ ამაზე საუბარს, როდესაც ამ თემაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან 7 წელია ვთანამშრომლობთ?! ამ ხნის განმავლობაში ერთხელ გაგხსენებოდათ და დაგირეკათ“, _აღნიშნა ლომაძემ.
_ ბატონო ლაშა, თქვენს მიერ გაგზავნილ წერილებში წერია, რომ ოლიმპიური სახლი 2016 წლიდან ფუნქციონირებს და 7 წელია როგორ თანამშრომლობთ?
_ კი, ასეა.
_ მსგავსი დოკუმენტი არასდროს გვინახავს და შეგიძლიათ დაზუსტებით გვითხრათ, რომ 7 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხმებს წინასწარ გირიცხავდნენ?
_ კი, ასეა, რა თქმა უნდა. იყო შემთხვევები, როცა წინასწარ მირიცხავდნენ, იყო შემთხვევები, როცა ვაკეთებდით პროგრამებს და მერე. ეს ყველაფერი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კეთდებოდა.
_ ყველა წერილში, რომელიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან გაქვთ გაგზავნილი, წერთ, რომ ოლიმპიური სახლი 2016 წლიდან ფუნქციონირებს და მანამდე რომელი ორგანიზაციის ანგარიშზე გირიცხავდნენ თანხებს?
_ ამდენი ხნის განმავლობაში ერთი კითხვა არ გქონიათ და ახლა ტეხავთ ქარიშხალს ჰაერში?!
_ ბატონო ლაშა, გეკითხებით, რისთვის გირიცხავდნენ თანხებს… მით უმეტეს, რომ თქვენი თქმით, 7 წლის განმავლობაში ხდებოდა მსგავსი რამ… აგვიხსენით, რატომ და სად გირიცხავდნენ ბიუჯეტიდან თანხებს…
_ საქმეც ის არის, რომ ამდენ ხანს არ დაგაინტერესათ. იცით რა, არ ვფიქრობ რომ თქვენთან უნდა მქონდეს ამაზე საუბარი. იმ ადამიანთან საუბარს, რომელიც არის მხარე და თავისი ქალაქის კეთილდღეობის არაფერი აინტერესებს, რა აზრი აქვს?! არ ვაპირებ კომენტარების გაკეთებას.
_ და თქვენ არ ხართ მხარე, როცა სიმამრმა 30 000 ლარი ჩაგირიცხათ წინასწარ დასაბუთების გარეშე?
_ სანამ მაგას მოიკითხავთ, ნახეთ, რომ 60 და 70 000 ლარიც კი მაქვს ჩარიცხული. ჩემი არაფერი იყო არც ბატონი ბეგი და არც ბატონი მერაბი და მირიცხავდნენ.
_ ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ 20 000 ლარი გაქვთ ჩარიცხული…
_ მე გავაკეთე უკვე კომენტარი. 7 წლის განმავლობაში მქონდა ყველანაირი შეხება ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან.
_ რომელი ორგანიზაციის სახელით?
_ ოლიმპიური კომიტეტის.
_ ეს თუ ასეა, წერილებში რატომ წერთ, რომ 2016 წლიდან ფუნქციონირებს თქვენი ორგანიზაცია…
_ თქვენი წერა და კითხვა ვისაც აინტერესებს, წეროს და იკითხოს იმან. მე საერთოდ არ მაინტერესებს და ჩემთან მეორეჯერ აღარ დარეკოთ, _ გვითხრა ლომაძემ.
ქალაქ ოზურგეთის მერიის საფინასო სამსახურის ყოფილი უფროსი მარიკა ნაცვალაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისი მუშაობის განმავლობაში ლომაძის ორგანიზაციისთვის თანხა არასდროს ჩაურიცხავთ:
_ თანხა გადანარიცხი არ გაქვს, პროგრამაში არ გვქონია. რომც გვქონოდა, წინასწარი ჩარიცხვით მაინც ვერ ჩავრიცხავდით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნაცვალაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი გია მამაკაიშვილი, რომელიც ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობს, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ლომაძეს თანხა მხოლოდ ერთხელ, აგვისტოში ჩაურიცხა, რომელიც ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული. მისივე თქმით, სხვა დროს ლომაძის ორგანიზაციისთვის თანხა არ გადარიცხულია:
_ აგვისტოშიც წინასწარ ჩავურიცხეთ და შემდეგ წარმოგვიდგინა იმ პირთა სია, რომლებმაც კურსი გაიარეს, _ ამბობს მამაკაიშვილი.
_ ბატონო გია, ლომაძის მიერ იმდროინდელი გამგებლის მერაბ ჭანუყვაძისთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ რეაბილიტაციის კურსი 133 ბენეფიციარს უნდა გაევლო. თუმცა, ჩვენ მიერ ოფიციალურად მოთხოვნილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ კურსი 34 ბენეფიციარმა გაირა..
_ ხომ შეიძლება, რომ ერთი და იგივე ბენეფიციარს რამდენჯერმე გაევლო?!
_ ბატონო გია, „შეიძლებაზე“ რიცხავთ თანხებს?
_ ვიცით, ასე იყო და იმის გამო, რომ მათ წარმოადგინეს დოკუმენტაცია, დეკემბერში ისევ მივეცით წინასწარ თანხა 2 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე. თანაც, რეაბილიტაციის კურსი სოფელში მცხოვრებმა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანმა გაიარა.
_ 2 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ კურსი ასოციაცია „გურიის“ წევრებს უნდა გაევლოთ. ამავე დროს, გარკვევით არის მითითებული პროგრამის დასახელება. თუმცა, 26 დეკემბერს გადარიცხული თანხის დანიშნულება სხვა პროგრამისთვისაა განკუთვნილი და შარაშენიძის მიერ გამოგზავნილ წერილში ლომაძე გარკვევით წერს, რომ ახალი პროგრამაა დაწყებული. ახალ პროგრამაზე ძველი ხელშეკრულების გაგრძელება როგორ მოახდინეთ?
_ პროგრამა ერთი და იგივეა (?!) უბრალოდ, ახლა დაემატა უკეთესი პროცედურები, _ ამბობს მამაკაიშვილი.
მისივე თქმით, ოზურგეთის ყოფილ მერს ბეგლარ სიორიძეს და ლაშა ლომაძეს შორის სიტყვიერი შეთანხმებაც არსებობდა, რომლის თანახმადაც, ქალაქ ოზურგეთის ბიუჯეტიდან ლომაძის ორგანიზაცია თანხას მიიღებდა, თუმცა, როდიდან გახდა სიტყვიერი შეთახმება თანხის გადარიცხვის საფუძველი მამაკაიშვილი ვერ გვიხსნის და მხოლოდ იმას ამბობს, რომ კანონის დარღვევით არაფერი გაკეთებულა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მტკიცებით, დარღვევაა არც ისაა, რომ აღნიშნული საკითხი საკრებულოს გვერდის ავლით გადაწყდა. მით უმეტეს, რომ 2 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია სხვა მუხლი, 26 დეკემბერს გამოცემულ ბრძანებაში კი მუხლი, რომელიც არ ითვალისწინებს მსგავსი პროგრამის დაფინანსებას.
მამაკაიშვილი განმარტავს, რომ გადარიცხული 30 000 ლარით შშმ პირები განათლებასაც მიიღებენ და, შესაბამისად, დარღვევაც არაფერია, რასაც არ ეთანხმებიან იურისტები _ თვითმმართველობის ექსპერტის, სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილის თქმით, „აღმასრულებელი ორგანო თუ თანამდებობის პირი, უფლებამოსილია, განკარგოს მხოლოდ ის ხარჯები, რაც დამტკიცებულია შესაბამისი წლის ბიუჯეტში წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ“:
„გამონაკლისი დადგენილია საბიუჯეტო კოდექსით. პირველი _ ერთი საბიუჯეტო პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე თანხების გადანაწილება-გახარჯვა შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით და წლიურ ბიუჯეტში ცვლილების შეტანით. მაგალითად, “კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების” პრიორიტეტიდან თანხების სრულად ან ნაწილობრივ “განათლების” პრიორიტეტზე გადანაწილება და გახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ რაც წარმომადგენლობითი ორგანო ცვლილებას შეიტანს წლიურ ბიუჯეტში.
ამ წესის დარღვევით თანხების გახარჯვა კანონდარღვევა იქნება.
მეორე გამონაკლისი _ ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება, აღმასრულებელი ორგანოს თუ თანამდებობის პირის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემით და მხოლოდ მის საფუძველზე.
პროგრამებს შორის გადასანაწილებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს პრიორიტეტისთვის წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების 5%-ს. მაგალითად, ბიუჯეტის პრიორიტეტი “განათლება”, შედგება 2 პროგრამისგან: “სკოლამდელი დაწესებულებების მხარდაჭერა” და “სკოლების მხარდაჭერა”.
ამ პრიორიტეტის, ანუ ორივე პროგრამის ჯამური გადასახდელი თუ შეადგენს 100 ლარს, აღმასრულებელ ორგანოს მხოლოდ შესაბამისი დასაბუთებული ბრძანებით და მხოლოდ 5 ლარის გადანაწილება შეუძლია სკოლამდელი დაწესებულებების მხარდაჭერის პროგრამიდან, სკოლების მხარდაჭერის პროგრამაზე ან პირიქით. ერთი პროგრამა შემცირდება 5 ლარით და ამდენითვე გაიზრდება მეორე – პრიორიტეტის გადასახდელების ჯამი კი რჩება უცვლელი. ყოველივე აღნიშნულის დარღვევით გაწეული ხარჯები კანონდარღვევად და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებადაც შეიძლება შეფასდეს“, _ ამბობს ლევან ალაფიშვილი.
მისივე თქმით, “ბიუჯეტიდან მხოლოდ იმ თანხის და იმ ოდენობით გაცემა შეიძლება, რაც გაწერილია ბიუჯეტში ან მერის ბრძანებაში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილებაზე“:
„მთავარი საბიუჯეტო, სისტემური საკითხებია. ფული რომ გახარჯო, საამისოდ ჯერ უნდა გქონდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბიუჯეტით 04.02 პროგრამაში 18 000 ლარია მითითებული. ეს ნიშნავს, რომ ამ თანხაზე მეტს ვერ გახარჯავდნენ ცვლილებების გარეშე. თუ სხვა პრიორიტეტიდან გადმოიტანდნენ თანხებს, ამას საკრებულოს გადაწყვეტილება, ბიუჯეტში ცვლილება დასჭირდებოდა. თუ განათლების პრიორიტეტის შიგნით არსებულ 2 პროგრამას შორის გადანაწილდებოდა თანხები, ეს ნიშნავს რომ 04.01 – საბავშვო ბაღების მხარდაჭერის პროგრამას უნდა მოკლებოდა თანხები და დამატებოდა 04.02 – ზოგადსაგანმანანათლებლო სკოლების მხარდაჭერის პროგრამას და ამ ყველაფერზე უნდა არსებობდეს მერის დასაბუთებული ბრძანება. თუკი არც ერთი არ მომხდარა და თანხა გაიხარჯა, ეს კანონდარღვევაა _ საბიუჯეტო კოდექსის დარღვევა“, _ განმარტავს ალაფიშვილი.
კითხვაზე, რატომ არ არსებობს მერის მიერ გამოცემული შესაბამისი ბრძანება, მამაკაიშვილი გვპასუხობს, რომ მუნიციპალიტეტი ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობდა:
„დამიჯერეთ, რაიმე არასწორი რომ ყოფილიყო, ხაზინაც არ მომცემდა გადარიცხვის საშუალებას“, _ ამბობს საფინანსო სამსახურის უფროსი.
საქმის დეტალურად დაზუსტებისთვის, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადავუგზავნეთ და კომენტარი ვთხოვეთ:
„თქვენს მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გასული წლის 26 დეკემბრის N224 ბრძანების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალური ორგანიზაციისათვის 30 000 ლარის გადარიცხვას ეხება, საკრებულოს ინფორმაცია არ გააჩნია, რადგან ფულადი რესურსების მიზანმიმართულად და კანონიერ ხარჯვაზე, საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ასიგნებების ფარგლებში პერსონალური პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის მერიას ეკისრება.
თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახული ფაქტობრივი შედეგის დადგომის შესახებ მიმდინარე ეტაპზე საკრებულოს შესაბამისი ინფორმაცია, მოქმედი კანონმდებლობით, ოფიციალურად ვერ ექნებოდა, ვინაიდან მერიიდან სათანადო ინფორმაციის მოწოდების ვადა არ დამდგარა. ზემოთ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საკრებულო თავის უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქართველოს ეროვნული კომიტეტის გურიის რეგიონალური ორგანიზაციისთვის 30 ათასი ლარის გადარიცხვის კანონიერებას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, _ აღნიშნულია საკრებულოს მიერ „გურია ნიუსისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.