ცნობილ ფირალ სისონა დარჩიას ჰყავდა სამი ძმა ვასილა, კოხტა და სოლომონი. სისონა ფირალად მეზობელის დაჭრის შემდეგ გავარდა. ერთხელ უბრალო შელაპარაკების გამო დუქანში ვასილამ სცემა მეზობელი გიგო ჩხარტიშვილი. რამდენიმე ხნის შემდეგ გიგომ შური იძია და ოზურგეთში ცოლის სათხოვრად ჩასული კოხტა მაგრად აცემინა. ეს შეურაცხჰყოფა კი დარჩიების მამამ სესიკამ ვეღარ აიტანა. “…ახალ-წელიწადს დღეს, სოფ. დღონაურის ეკლესიაში შეხვედრიან ერთმანეთს მტრად გადაკიდებული გიგო ჩხარტიშვილი და სესიკა დარჩია. გურულთჩვეულებისამებრ, გიგო ჩხარტიშვილს “ხელ-მანდილში” სხვადასხვა ტკბილეულობა ჰქონია გამოკრული ახალ-წლის მისალოცად. გურულებში ჩვეულება ყოფილა, რომ მოსისხლე მტერსაც კი ურიგდება გურული ახალ წელიწადს დღეს და ულოცავს ბედნიერ დღესასწაულს. გიგო ჩხარტიშვილსაც… სესიკა დარჩიასთვისაც მიულოცნია ბედნიერი დღე და ტკბილად დაბერება მოუსურვებია მისთვის. “სიტკბოს მოგაშორებ და სიმწარეს მოგცემო, დღევანდელ დღეს არ დაგაღამებინებო”, _ უთქვამს სესიკას და შიგ ეკლესიაში ხანჯალი დაუცია ახალ-წლის სვეუბედურის მეკვლესათვის… დაჭრილს და ეკლესიიდამ გამოქცეულს ჩხარტიშვილს გახელებული დარჩია უკან გამოსდგომია.
ვიდრე მდევნელი დაჭრილს მოეწეოდა, ამ უკანასკნელს წინ გადაეღობა შვილი პირველისა და თავის მამის მუქარის შესასრულებლად რევოლვერი ესროლა, მაგრამ ტყვია ასცდა იმას, ვისთვისაც დანიშნული იყო და მოხვდა მის საკუთარს მშობელს. ამის შემდეგ… დამსწრენი ორ ბანაკად გაიყვნენ და ასტყდა საშინელი, უწყალო ჩეხა და ხანჯლების ტრიალი. ჩხარტიშვილების მხრით სამი კაცი დაიჭრა და დარჩიას მხრით _ ექვსი…” ივერია 1886 წ. #11 მთავრობმა ვასილას და სისონას დატუსაღება მოინდომა, მაგრამ ისინი უკვე ტყეში იყვნენ გავარდნილები. მათ მაგიერ კი დააპატიმრეს ძმები კოხტა და სოლომონი, ორივე მათგანი მოგვიანებით ციხეში გარდაიცვალა. ამან კი გაფირალებული ძმები უფრო მეტად გააბოროტა. ერთი მოგონების მიხედვით კი ჩხარტიშვილებისა და დარჩიების მტრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩხარტიშვილს სისონასთვის თავისი ქალიშვილის მითხოვებაზე უარი უთქვამს.