“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი ავთანდილ მექვაბიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს ბაღების მენეჯერებთან და თანამშრომლებთან. როგორც წყარო ამბობს, ამ შეხვედრებზე განიხილება სკოლამდელ დაწესებულებებში მომუშავე იმ “საეჭვო“ პირთა ვინაობა, რომლებიც მხარს არ უჭერენ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს.
“მიდის “ჩაშვება“ და ფსიქოლოგიური ზეწოლა“, _ ამბობს ჩვენი წყარო.
“გურია ნიუსი“ ცდილობს, სხვა წყაროებთანაც გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია. ცხადია, თავდაპირველად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორს ავთანდილ მექვაბიშვილს დავუკავშირდით:
_ შვებულებაში ვარ. თხილებში ვარ, ხან _ ფაროსანა მყავს დასეული, ღამე შემოვდივარ სახლში, _ გვითხრა მექვაბიშვილმა.
_ ბატონო ავთანდილ, ინფორმაცია გვაქვს, რომ ყოველ საღამოს, საბავშვო ბაღების მენეჯერებთან, თანამშრომლებთან მართავთ შეხვედრებს…
_ რა არის? ასეთი ინფორმაციაა შემოსული?! დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია, “ქართულ ოცნებას“ აქვს ამის კანონიერი უფლება _ სამუშაო საათების შემდეგ თუ ვმართავთ შეხვედრას, ვმართავთ… ავთანდილ მექვაბიშვილი რა შუაშია?! ან თუ გინდა ავთო მექვაბიშვილი იყოს იქ, მერე?! შვებულებაში ვარ 16 რიცხვის ჩათვლით, მე ამის სრული უფლება მაქვს _ არასამუშაო საათებში სადაც მინდა, იქ წავალ და არანაირი პრობლემა არაა! არასამუშაო საათებში როგორ გავბედავ?! ისე მეც მაქვს ჩემი შეხედულებები და შემიძლია, ვიღაცას გვერდშიც დავუდგე და მხარი დავუჭირო, ამას ვინ დამიშლის?!
_ ჩვენი წყაროს თქმით, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენთ თანამშრომლებზე. რას გვეტყვით ამის შესახებ?
_ არა. შეხვედრები იწყება ასე, “ქართული ოცნება“ როცა შეხვედრებს ატარებს, პირველად ამბობს ამას: ჩვენ სრულიად თავისუფლად ვატარებთ არჩევნებს და არ იქნება არავითარი ზეწოლა, არც პრობლემა არ შეგექმნებათ პოლიტიკური შეხედულებების გამო. აბსოლუტურად თავისუფალია ყველა. ბაღებში მუშაობენ ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრები კენჭს იყრიან ოპოზიციური პარტიებიდან. ეს აღარ შეიძლება.
_ თქვენ “ქართულ ოცნებას“ წარმოადგენთ?
_რატომ გეტყვით ტყუილს?! მე ვარ “ქართული ოცნების“ ოფიციალური წარმომადგენელი დანიშნული საარჩევნო ოლქში. რა არის ამაში გასაკვირი, რომ “ქართუილი ოცნებას“ წარმოვადგენდე? შესაბამისად, ოლქში დავაკვირდები საარჩევნო პროცესს და წინასაარჩევნო პერიოდს. თუ მივალ შეხვედრაზე არასამუშაო საათებში, ეს ჩემი პირადი საქმეა. შეხვედრების ჩასატარებლად არ მცალია. ისე, თათბირი მქონდა ბაღის მენეჯერებთან გუშინწინ. ბაღი იწყება და დავესწარი ამ თათბირსაც, რომელიც ჩაატარა მოვალეობის შემსრულებელმა გენო ჩავლეშვილმა. მქონდა რაღაცა შეკითხვები ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით და მოვისმინე, _ ამბობს ავთანდილ მექვაბიშვილი.