დღევანდელი აქციის გაშუქებისას, “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო მასალა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მოქალაქეს შორის მომხდარ მცირე ინცინდენტს შეეხებოდა.
იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერში, შეუძლებელი იყო ინციდენტისას გაჟღერებული ფრაზების ზუსტად გარჩევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასალა ვებიდან მოგვეხსნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის სიზუსტეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის.
ჟურნალისტის აღწერით, მოქალაქეებთან სელფის გადაღებისას, პრემიერთან მოქალაქე მივიდა და სთხოვა, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. პრემიერი, რომელიც დაცვასთან ერთად უკვე გადიოდა ლოკაციიდან, მოქალაქეს მიუბრუნდა, თუმცა, რა საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს აუდიოჩანაწერში არ ისმის.
მოქალაქემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პრემიერმა მას პასუხი არ გასცა და დაცვას ლოკაციიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა, აუდიოჩანაწერში არ ისმის ფრაზა: “მომაშორეთ ეს კაცი!“, როგორც ეს მოქალაქემ უთხრა ჟურნალისტს. იგი ვინაობას არ ასახელებს, როგორც თავად ამბობს, შემდგომში პრობლემებისგან თავდაცვის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ის სოლოლაკში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამის შესახებ აქვს განცხადება შეტანილი და სწორედ ამ განცხადების პასუხს ითხოვს ხელისუფლებისგან.