გურიაში თხილის ფასის ვარდნას და გაუარესებას, კლიმატური პირობების გაურესება და ტემპერატურის ვარდნაც ერთვის. ასეთმა ვითარებამ თხილზე, ლამის, ხელი ჩააქნევინოს აქაურ მეურნეებს.
უკვე მთელი კვირაა წვიმს, ამინდის პროგნოზს უკეთესობისკენ პირი არ უჩანს და თხილის პლანტაციებსაც ნაცარი სარძნობლად გაუჩნდა.
_ გადათეთრებულია სულ ფოთლები. რატომ შევწამლოთ? შარშანდელი, საგანგებოდ გადანახული, საუკეთესო ხარისხის თხილი სამ ლარად ჩააბარა ხლხმა. ბევრს არ ჰქონდა, მაგრამ ზოგი ხომ იჭირვებს და ინახავს. ჩამოცვივდეს ძირს და ღორმა ჭამოს. მაგათ რატომ ვაჩუქოთ? ამ ქვეყანაში თხილის ფასის მარეგულირებელი რაიმე არსებობს? ხომ შეიძლება ვინმემ თხილის სფეროშიც იფიქროს მსგავსი რამ, როგორც მსოფლიოში ხდება. დაადგინოს ფასის ქვედა თუ ზედა ზღვარი… _ შეწუხებული ამბობენ ჩვენთან თხილის მფლობელი ფერმერები.
„გურია ნიუსმა“ რჩევისთვის ცნობილ ფერმერს და გამოცდილ აგრონომს, გეროს ექსპერტს, აკაკი ღლონტს მიმართა.
_ ხალხი მართალია, როცა უიმედოდ საუბრობს. ასეთი ფასის შემხედვარე, გული ყველას გაუტყდება. რაც შეეხება ნაცრის დაავადებას, ხანგრძლივი წვიმები კიდევ უფრო ავითარებს მას. თუმცა, ნაცარი, ძირითადად, ფოთოლს უჩნდება და ნაყოფში არ შედის. ამიტომ როგორც კი ცოტას გამოიამინდებს, შეწამლონ პლანტაციები. რომც გაწვიმდეს, ფოთოლში წამალი ნაწილობრივ მაინც იმუშავებს, _ გვითხრა მან.
როგორც სინოპტიკოსები იტყობინებიან, წვიმა გურიაში კვლავ გაგრძელდება მომდევნო ათი დღის განმავლობაშიც. ივნისი და ივლისი კი ის თვეებია, როცა თხილს განსაკუთრებით სჭირდება კარგი ამინდები.
ავტორი