„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძე პოლიტიკაში ბრუნდება. შარაშენიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის კადრად ითვლებოდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს 2012-2014 წლებში იკავებდა და ამ დროის განმავლობაში მის სახელს არაერთი სკანდალი დაუკავშირდა.
2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის კანდიდატად აღარ დააყენეს და „ქართუ“ ჯგუფში გადაინაცვლა, სადაც დასავლეთ საქართველოში გასახორციელებელი პროექტების მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, აღნიშნული თანამდებობა, ცოტა ხნის წინ დატოვა _ როგორც თავად ამბობს, საკუთარი სურვილით. ხომ არ არის ამის მიზეზი პოლიტიკაში დაბრუნება შარაშენიძე არ პასუხობს და მედიასთან დუმილს არჩევს.
თუმცა, ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველ პირობას „ქართული ოცნებიდან“ გეგმავს და მოქმედებები უკვე დაწყებული აქვს.
ჩვენ შევეცადეთ დეტალები თავად შარაშენიძესთან გადაგვემოწმებინა, მაგრამ რამდენიმე დღის მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით _ ყოფილი გამგებელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
რაც შეეხება ადიკო ივანიშვილს, რომელიც 2014 წელს შარაშენიძეს ღიად უჭერდა მხარს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის:
_ ამ საკითხში მე არ ვერევი და ეს ნამდვილად არ არის ჩემი საქმე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ივანიშვილმა.
_ ბატონო ადიკო, 2 წლის წინ შარაშენიძეს ღიად უჭერდით მხარს. ახლა რომ დასჭირდეს თქვენი დახმარება რას იზამთ?
_ ადრე სხვა ჭკუაზე ვიყავი.
_ ეს როგორ გავიგოთ, შარაშენიძესთან დაპირისპირება გაქვთ?
_ დღესაც ვმეგობრობ, კარგ გამარჯობას ვეუბნები, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, _ გვითხრა ივანიშვილმა, რომლის თქმით, მისთვის უცნობია რატომ დატოვა შარაშენიძემ „ქართუ“ ჯგუფში თანამდებობა.
შარაშენიძის კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ „ქართულ ოცნებაში“. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გამგებლობის კანდიდატებზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად, შარაშენიძის და სხვა პირების შანსებზეც საუბარი ნაადრევია.
თუმცა, მმართველი პარტიის კულუარებში არ მალავენ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირობის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია, რომლებიც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხვადასხვა წევრებისგან ცდილობენ მხარდაჭერის მოპოვებას.