მსახიობი დოდო ჭიჭინაძე გიორგი შავგულიძესთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა:
„პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინებაში“ მოულოდნელად აღმოვჩნდი. ჩამაცვეს მეღორე ქალის ტანსაცმელი. გამიკეთეს გრძელი ცხვირი.
– კულისებში იდექი. მე დაგიძახებ – ვერიჩკა! შენ შემოვარდი, – მითხრა ჟორა შავგულიძემ.
– როდის გავდივარ სცენიდან? – ვეკითხები.
– როცა ერთ ადგილას გიპწკენ, – მიპასუხა. შევედი სცენაზე. ჟორა მეკითხება.
– ღორმა რამდენი გოჭი გააჩინა?
– ოცდათექვსმეტი.
– ოცდათექვსმეტი? – გაკვირვებული მეკითხება ჟორა. მერე მიპწკინა. დამავიწყდა წინასწარი მოლაპარაკება და ვიკივლე – რას შვრები?! – ატირებული გავვარდი კულისებში. მაყურებელი კი იცინოდა“.